მელიქიშვილის გამზირი ამ დროისთვის კვლავ გადაკეტილია.
ადგილზე იმყოფება ოპოზიციური პარტიების ლიდერების ნაწილი. კერძოდ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე.
ოპოზიციონერი ლიდერები საზოგადოებას მელიქიშვილის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დღეს ისინი დარჩებიან მელიქიშვილის გამზირზე და გააგრძელებენ პროტესტის გამოხატვას. აქციის მონაწილეები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც.
აქცია მელიქიშვილის გამზირზე დილიდან მიმდინარეობს. მანამდე აქციის მონაწილეები თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. გამთენიისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მოუწოდა, გაეთავისუფლებინათ ტერიტორია ხელოვნური კონსტრუქციებისგან, შეეწყვიტათ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე მანიფესტაცია და პროტესტი გამოეხატათ კანონით დადგენილ ფარგლებში. შსს-ს წარმომადგენლებმა აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს 15 წუთი მისცეს გზის სავალი ნაწილის გასათავისუფლებლად, რის შემდეგაც სამართალდამცველები თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიისკენ დაიძრნენ. ტერიტორია, რომელიც აქციის მონაწილეებს ჰქონდათ დაკავებული, სამართალდამცველებმა ხელოვნური კონსტრუქციებისგან გაათავისუფლეს. აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი – მელიქიშვილის გამზირის, მეორე ნაწილი კი ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით გაიყვანეს. ამასთან, სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე ტერიტორიიდან გაიყვანეს.