ვიტალი საფაროვის ოჯახის ადვოკატი - მოწმემ ისაუბრა, როგორ მოკლეს ვიტალი საფაროვი და ვინ მონაწილეობდა დანაშაულში
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მეგობარი დაიკითხა, რომელიც მომხდარ ფაქტს შეესწრო. მოწმემ პროკურატურის ბრალდება დაადასტურა და თქვა, რომ ვიტალი საფაროვს სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს. დაცვის მხარის თქმით, მოწმე არის მატყუარა და ცრუ ჩვენებას აძლევს.
„მოწმე არაერთხელ გამოვიჭირეთ ტყუილში. მას არაერთი ცრუ ინფორმაცია აქვს მიცემული გამოძიებისთვის. ის სანდრო არ არის. მოწმე არარსებულ და გამოგონილ დიალოგებზე ყვება. მისი მიზანია, რომ თავი დაიხსნას იმ სასჯელისგან, რომელიც შესაძლოა, დაემუქროს. ადგილი აქვს დანაშაულიდან გაქცევის მცდელობას. არსებობს დიდი ალბათობა, რომ ქმედებები სხვა პირებმა ჩაიდინეს“, – განაცხადა ბრალდებულ ავთანდილ კანდელაკიშვილის ადვოკატმა, ზურაბ ბეგიშვილმა.
რაც შეეხება საფაროვების ოჯახის ადვოკატს, ეკა ქობესაშვილი აცხადებს, რომ მოწმემ ყველაფერი დეტალურად აღწერა, თუ როგორ მოკლეს ვიტალი საფაროვი. მან ასევე აღიარა, რომ დანაშაული დაფარა, რადგან შეეშინდა.
„მოწმემ ძალიან ნათლად აღწერა ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც ადგილზე მოხდა. მიუთითა სასამართლოს ყველა დეტალზე, თუ როგორ მოკლეს ვიტალი საფაროვი, ვინ იღებდა მონაწილეობას. მოწმემ თავად აღიარა, რომ დანაშაული დამალა. ეს ჩვენება დანაშაულის დაფარვის ნიშნებს შეიცავს. ეს ერთ-ერთი ცენტრალური მოწმეა. ვფიქრობთ, რომ არის საკმარისი მტკიცებულებები რომ განაჩენი ბრალდების მხარის სასარგებლოდ დადგეს“, – განაცხადა საფაროვების ოჯახის ადვოკატმა.
25 წლის უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის მკვლელობის ბრალდებით ორი პირია დაკავებული. მათ სიძულვილის მოტივით ჯგუფურად განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად, რაც 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.