ვიტალი კლიჩკო - მიჭირს იმ პოზიციის გაზიარება, რომელიც არსებობს სააკაშვილთან დაკავშირებით
ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული ქმედებები უკრაინის ავტორიტეტზე დადებითად არ იმოქმედებს, – ამის შესახებ ქართულ მედიას კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განუცხადა.
„დღევანდელი გადმოსახედიდან, მიჭირს იმ პოზიციის გაზიარება, რომელიც არსებობს სააკაშვილთან დაკავშირებით. ამ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა უკრაინაში, არიან მოწინააღმდეგეები და არიან ადამიანები, ვინც მხარს უჭერს მას. ერთი შემიძლია მკაფიოდ ვთქვა, ის რაც ხდება, არ მატებს ავტორიტეტს უკრაინას“, – განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მყოფმა ვიტალი კლიჩკომ.
კითხვაზე, რამდენად დაირღვა კანონი სააკაშვილის გაძევების შემთხვევაში, ვიტალი კლიჩკო ამბობს, რომ დეტალებზე საუბარი მისთვის რთულია, რადგან იურისტი არ არის.
ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი მიუნხენში იმყოფება.
მედიამ მას სააკაშვილთან დაკავშირებით განვითარებული პროცესების შეფასება სთხოვა, თუმცა მინისტრმა განაცხადა, რომ ამის შესახებ თავად მიხეილ სააკაშვილს შეგვიძლია ვკითხოთ, რომელიც, მისი ინფორმაციით, „სადღაც დასეირნობს“.