ვის ეკუთვნის იერუსალიმი - ექვსი კითხვა წმინდა ქალაქის სტატუსის შესახებ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიაროს, ახლო აღმოსავლეთში 70 წლიან კონფლიქტს კიდევ უფრო დაძაბავს. წმინდა ქალაქის სტატუსის შესახებ სტატიას “დოიჩე ველე“ აქვეყნებს.
როგორია იერუსალიმის საერთაშორისო-სამართლებრივი სტატუსი
იერუსალიმის საკუთარი სახელმწიფოს დედაქალაქად აღიარებას, როგორც ებრაელები, ისე პალესტინელებიც ითხოვენ. დღეს წმინდა ქალაქს ისრაელი აკონტროლებს. ქალაქის საერთაშორისო-სამართლებრივი სტატუსი საბოლოოდ და მკაფიოდ განსაზღვრული არასდროს ყოფილა. თუ გავყვებით საერთაშორისო საზოგადოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, იერუსალიმს დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია უნდა მართავდეს. სწორედ ეს გადაწყვეტილება მიიღეს 1947 წელს გამართულ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე.
რას ითვალისწინებდა 1947 წლის რეზოლუცია
რეზოლუცია №181 პალესტინის ებრაულ და არაბულ სახელმწიფოდ გაყოფას ითვალისწინებდა, თუმცა ამ დოკუმენტის მიხედვით, იერუსალიმი არც ერთ მათგანს არ უნდა ეკუთვნოდეს. რეზოლუცია ქალაქის დემილიტარიზაციას და მისი საერთაშორისო კონტროლზე გადაცემას ითვალისწინებდა. 10 წლის შემდეგ უნდა გამართულიყო რეფერენდუმი, რომელზეც იერუსალიმის მომავალ სტატუსს თავად მოქალაქეები განსაზღვრავდნენ.
რატომ ჩაიშალა გეგმა
ამ გეგმას მოწინააღმდეგეები, როგორც არაბულ, ისე ებრაულ მხარესაც ჰყავდა. აღნიშნული რეზოლუციის მიღების შემდეგ, არაბებსა და ებრაელებს შორის შეტაკებები გახშირდა. 1948 წლის 14 მაისს ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, იორდანიის, ეგვიპტის, სირიის, ერაყის და ლიბანის შეიარაღებული ძალები ისრაელს თავს დაესხნენ. ამ ომის შედეგად წმინდა ქალაქი ორ ნაწილად გაიყო. აღმოსავლეთს იორდანია აკონტროლებდა, დასავლეთს – ისრაელი.
რა სტატუსი აქვს იერუსალიმს მას შემდეგ, რაც ისრაელმა ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილიც დაიკავა
1950 წელს ისრაელმა იერუსალიმი დედაქალაქად გამოაცხადა და ქალაქის დასავლეთ ნაწილში სამთავრობო დაწესებულებები გადაიტანა. 1967 წლის ექვსდღიანი ომის შედეგად, ისრაელმა ქალაქის აღმოსავლეთი დაიკავა, რომელსაც იორდანია აკონტროლებდა. ამის შემდეგ იქ ისრაელის კანონმდებლობა მოქმედებს. გაეროს უშიშროების საბჭომ №478 რეზოლუციით, ტერიტორიის ანექსია უკანონოდ გამოაცხადა და მას შემდეგ ეს პოზიცია არაერთხელ დაადასტურა.
როგორ ადგენს იერუსალიმის სტატუსს პალესტინა
პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციამ 1988 წელს პალესტინის სახელმწიფოს დაფუძნება გამოაცხადა და მის დედაქალაქად იერუსალიმი აღიარა. ამ გადაწყვეტილებამდე წმინდა ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილის კუთვნილებაზე უარი იორდანიამ თქვა. პალესტინელებსა და ისრაელელებს შორის მოლაპარაკებების დროს, იერუსალიმის სტატუსის მკაფიოდ განსაზღვრაზე მხარეებმა დროებით უარი თქვეს. 1993 წელს გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმება ამბობდა, რომ წმინდა ქალაქის შესახებ გადაწყვეტილება მომავალში ახალი შეთანხმებით იქნებოდა მიღებული. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის მონაცემებით პალესტინის სახელმწიფოს, გაერო-ს წევრი 193 ქვეყნიდან 136 აღიარებს.
რას შეცვლის ტრამპის გადაწყვეტილება
ტრამპის გადაწყვეტილება დაიკავოს ისრაელის მხარე საერთაშორისო სამართლის კუთხით, ვერაფერს შეცვლის. სახელმწიფოთა უმეტესობა თვლის, რომ იერუსალიმის სტატუსის განსაზღვრა სამომავლო საქმეა. ისინი დაელოდებიან ისრაელის ხელისუფლებისა და პალესტინის ავტონომიის შეთანხმებას. თუმცა, ტრამპის გადაწყვეტილება, სავარაუდოდ ასეთი ხელშეკრულების გაფორმების პროცესს გაყინავს და შესაბამისად იერუსალიმის სტატუსის თემა კიდევ დიდ ხანს დარჩება ბუნდოვანი.