ვის დააჯარიმებენ დღეიდან ე.წ. ჭკვიანი კამერები ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის გამო - შსს-ს განმარტება
დღეიდან ნომრის ამომცნობი, ე.წ. ჭკვიანი კამერების საშუალებით ტექნიკური ინსპექტირების რეგულაციების დამრღვევი მძღოლების დაჯარიმება იწყება.
როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, დაჯარიმდებიან ის მძღოლები, რომელთა ავტომობილებისთვის ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო იყო და არ გაიარეს.
შსს-ს ანალიზისა და რეფორმების სამმართველოს უფროსის, ბექა ლილუაშვილის ინფორმაციით, დღეიდან დაჯარიმდებიან ის მძღოლებიც, რომლებმაც ტექნიკური ინსპექტირება მეორე ცდაზეც ვერ გაიარეს და გადაადგილება აეკრძალათ.
„დაჯარიმება ეხება ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, რომელსაც კანონის დადგენილი წესით არ გაუვლია ტექნიკური ინსპექტირება. წესი გულისხმობს შემდეგს: სამი და ნაკლები კუბატურის მქონე ავტომობილების ნაწილში, თუ რეგისტრაციის თარიღი არის გასული წლის მარტი, აპრილი ან ნებისმიერი სხვა თვე, ამ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს კანონით ეკისრება ვალდებულება, მიმდინარე წლის იმავე თვემდე გაიაროს ტექნიკური ინსპექტირება. დანარჩენი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს, მათ შორის მათ, რომლებიც მგზავრთა გადაყვანას ახორციელებენ, ყველას უნდა ჰქონდეს გავლილი“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
შსს-ს ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე დამონტაჟებულია და ეფექტიანად მოქმედებს 1 441 ვიდეოკამერა, რომლებიც სამინისტროს ერთიან ქსელშია ჩართული. მათ შორის 795 არის ზოგადი ხედვის, 646 კი – ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერა.
უწყების ცნობით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები შსს-ს მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ვიდეოჯარიმის გამოწერის შესახებ. შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე სარგებლობს 20% -იანი შეღავათით. იმ შემთხვევაში, თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით ეგზავნება, ხოლო ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება.
საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებგვერდზე.
ტექნიკური ინსპექტირება 2019 წლის პირველი იანვრიდან მთელი ავტოპარკისთვის სავალდებულო გახდა. შემოწმებას ის მსუბუქი ავტომობილებიც გაივლიან, რომლის ძრავის მოცულობაც 3 000 კუბურ სანტიმეტრზე ნაკლებია.
ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულება მსუბუქი ავტომობილის მფლობელებს ეტაპობრივად შეეხება და ეს ავტომობილის რეგისტრაციის თარიღზეა დამოკიდებული.
მაგალითად: თუ მსუბუქი ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობის გაცემის თარიღი 2013 წლის 28 ოქტომბერია, სატრანსპორტო საშუალებამ ინსპექტირება 2019 წლის 28 ოქტომბრამდე უნდა გაიაროს.
ოთხ წლამდე ავტომობილებს ტექდათვალიერება არ მოეთხოვებათ, ოთხიდან რვა წლამდე მანქანები შემოწმებას ორ წელიწადში ერთხელ გაივლიან. რვა წლის და უფრო ძველი ავტომობილები სავალდებულო ტექდათვალიერებას ყოველწლიურად დაექვემდებარებიან.
მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, მათი მანქანის რეგისტრაციის თარიღი და შესაბამისად, ტექნიკური ინსპექტირების გავლის ბოლო ვადა სპეციალურ ვებგვერდზე გადაამოწმონ, რომლის მისამართია – www.pti.ge. ტექნიკური ინსპექტირების ვებგვერდიდან ასევე შესაძლებელია შემოწმების გავლისთვის ვიზიტის დაგეგმვა. მსურველს შეუძლია, დარეგისტრირდეს და აირჩიოს მისთვის სასურველი თარიღი, დრო და ტესტირების სასურველი ცენტრი.