ვიქტორია ნულანდი - აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების კონტროლისთვის კიევში ამერიკელი აუდიტები იმყოფებიან
აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების კონტროლისთვის კიევში ამერიკელი აუდიტები იმყოფებიან, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა სენატში მოსმენის დროს განაცხადა.
„ადმინისტრაცია მომავალშიც კონცენტრირებული იქნება იმაზე, რომ არ დაუშვას დახმარებისა და იარაღის არამიზნობრივი გამოყენება. ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიო ბანკთან, საკონსულტაციო კომპანია Deloitte-თან და აშშ-ის სამთავრობო აუდიტორების ჯგუფთან, რომლებიც ამ კვირის განმავლობაში კიევში იმყოფებიან”, – თქვა ნულანდმა.
ვიქტორია ნულანდის თქმით, აშშ აგრძელებს უკრაინის დახმარებას რეფორმებისა და ანტიკორუფციული ზომების გატარებაში.
ვიქტორია ნულანდმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შერბილებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, აშშ მზადაა, შეამსუბუქოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინიდან ჯარს გაიყვანს.