ვიქტორ ყიფიანი - ვიბრძვით სასამართლოებში, მოლოდინი ოპტიმისტურია, ჩვენი პოზიცია არის არგუმენტირებული, კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობილი, წელს ველოდებით გადაწყვეტილებებს
ვიქტორ ყიფიანი - ვიბრძვით სასამართლოებში, მოლოდინი ოპტიმისტურია, ჩვენი პოზიცია არის არგუმენტირებული, კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობილი, წელს ველოდებით გადაწყვეტილებებს

ვიბრძვით სასამართლოებში და სასამართლოს სხდომათა დარბაზებს მიღმა მოლოდინი ოპტიმისტურია, რადგან ჩვენ ვართ მართლები, ჩვენი პოზიცია არის არგუმენტირებული და კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობილი, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა „კრედიტ სუისთან“ ბიძინა ივანიშვილის დავაზე საუბრისას განაცხადა.

ადვოკატის განცხადებით, საქმეზე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიმდინარე წელს ელოდებიან.

„როგორც კი მოლოდინი გადაითარგმნება კონკრეტულ შედეგში, მედიის ინფორმირებას აუცილებლად მოვახდენთ. წელს ველოდებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. დინამიკიდან გამომდინარე, კონკრეტული ვადა ჩვენთვის უცნობია, მაგრამ ვფიქრობთ და მოლოდინი არის, რომ გადაწყვეტილება იქნება დაახლოებით მარტიდან სექტემბრის მონაკვეთში. რაც შეეხება იმ თემებს, რომლებსაც ჩვენ არაფორმალური სანქცირების სახელით შეზღუდვები ვუწოდეთ, ესეც კონკრეტულ სამუშაო დინამიკაშია. ეს სამუშაო უკავშირდება ორ ტრასტზე ანგარიშებზე შეუზღუდავი წვდომის მიღებას, აქაც, იმედია, გარკვეულ ეტაპზე მეტი ინფორმაცია გვექნება, რათა საზოგადოების ინფორმირება მოვახდინოთ. აქტივების მესაკუთრეს როდესაც ეზღუდება კანონიერი უფლებების განხორციელება მისთვის კუთვნილი აქტივების რეალიზების კუთხით, რა თქმა უნდა, ეს შეზღუდვა სხვა არაფერია, თუ არა კანონით აკრძალული მოქმედება. ჩვენ ამ მოქმედებას სწორედ არაფორმალური, ანუ კანონის მიღმა არსებული შეზღუდვა-სანქცია ვუწოდეთ. ჩვენ უკეთესის მოლოდინში ვართ და ოპტიმიზმს არ ვკარგავთ“, – განაცხადა ყიფიანმა.