ვიქტორ ყიფიანი - უკრაინის ომმა ცხადად გვიჩვენა, რომ თანამედროვე გეოპოლიტიკა არ არის იმდენად ფასეულობებისა და ღირებულებების ჭიდილი, რამდენადაც გავლენებისა და მათი გადანაწილების მცდელობა
უკრაინის ომმა ცხადად გვიჩვენა, რომ თანამედროვე გეოპოლიტიკა არ არის იმდენად ფასეულობებისა და ღირებულებების ჭიდილი, რამდენადაც ეს არის ინტერესების, გავლენების ჭიდილი და მათი გადანაწილების მცდელობა, – ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ეს არის ალბათ, მთავარი დასკვნა, რაც ჩვენ, ქართული გადასახედიდან უნდა დავასკვნათ. ჭიდილი არახალია მსოფლიო გეოპოლიტიკისთვის, მაგრამ ალბათ, ყველაზე ცალსახად, დაუფარავად და აშკარად ამ ომმა გამოაჩინა, რომ მოხდა სამხედრო ძალის გამოყენება ყოველგვარი ფარგლებისა და საზღვრების გარეშე. მოგეხსენებათ, ომსაც თავისი ნორმა, სამართალი აქვს და ეს ომი ამ ნორმების აბსოლუტური უგულებელყოფით არის იარაღი, ინსტრუმენტი თანამედროვე გეოპოლიტიკის გატარების. ალბათ, ეს არის უმთავრესი დასკვნა და ჩვენ ჩვენი, ქართული უსაფრთხოების გადმოსახედიდან ეს რეალობა სწორად უნდა შევაფასოთ და სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ“, – განაცხადა ყიფიანმა.
მისი თქმით, საქართველოს, პირველ რიგში, უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის იმედი, სწორად ერკვეოდეს საშინაო-საგარეო ორიენტაციაში, საგარეო ორიენტაციის კუთხით ჰქონდეს სწორი, პირდაპირი და დაუფარავი კომუნიკაცია თავის პარტნიორებთან.
„ალბათ, ეს პასუხი ძალიან კარგად უკავშირდება უკრაინის ამჟამინდელ ვითარებას, როდესაც უკრაინა პრაქტიკულად, აღმოჩნდა ორ ბანაკს შორის. ორივე ბანაკი ცდილობს ერთმანეთის შეკავებას, მაგრამ სიტუაციის მთელი დრამატიზმი იმაშია, რომ ეს შეკავება ხდება არა საკუთრივ დასავლელი პარტნიორების, ან რუსეთის ტერიტორიაზე, არამედ უკრაინის“, – განაცხადა ყიფიანმა.
როგორც ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, დასავლეთმა დაიჯერა, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ ის პერიოდი არ მობრუნდებოდა, როდესაც მას ისევ მოუწევდა სხვა სამყაროსთან ომის ლექსიკით საუბარი და ოპერირება.
„დასავლეთმა აბსოლუტურად უნდა შეცვალოს თავისი გეოპოლიტიკური ოპტიკა და ამ გეოპოლიტიკური ოპტიკის ცვლილება უნდა განხორციელდეს კონკრეტული მექანიზმების, ინსტრუმენტების ამოქმედებაში“, – განაცხადა ყიფიანმა.
გიორგი გვიმრაძის კითხვაზე, არის თუ არა დასავლეთში ლიდერშიპის დეფიციტი და რამდენად შესაძლებელია, არსებულ ლიდერშიპში მოხდეს ამ ყველაფრის გადააზრება, ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, რომ სამწუხაროდ, რეალპოლიტიკაში გადაჭრილმა დასავლურმა პოლიტიკამ თვითონ რეალური პოლიტიკის საზღვრებსაც გადააბიჯა და შეაბიჯა იმ განზომილებაში, რასაც ტრანზაქციური პოლიტიკა, ხშირ შემთხვევაში აღებ-მიცემობის პოლიტიკა ჰქვია.
„მას შემდეგ, რაც აქტიური პოლიტიკური კარიერა დაასრულეს, არა ერთი ევროპელი პოლიტიკოსი აღმოჩნდა რუსული მსხვილი კომპანიების მმართველობით ორგანოებში. ეს იყო ძალიან სიმპტომატური და ეს ალბათ, აისბერგის მწვერვალია, რომლის ძირიც გაცილებით ღრმაა. რეალპოლიტიკაში გადაჭრილმა დასავლურმა პოლიტიკამ თვითონ რეალური პოლიტიკის საზღვრებსაც გადააბიჯა და შეაბიჯა იმ განზომილებაში, რასაც ტრანზაქციური პოლიტიკა, ხშირ შემთხვევაში აღებ-მიცემობის პოლიტიკა ჰქვია. შესაბამისად, ამან დასავლური დემოკრატიის, ღიაობის და გამჭვირვალობის სწორი ქოლგის ქვეშ იმდენად გაუხსნა სადენები რუსულ კაპიტალს, დასავლეთი იმდენად მოექცა რუსული კაპიტალისა და რუსული პოლიტიკური კაპიტალის გავლენების ქვეშ, ურთიერთდაკავშირება და ურთიერთდამოკიდებულება, შერწყმა იმდენად საგრძნობია, რომ ამის ჩახსნა და ჩაჩეხვა ერთობ რთულია. გარდა ამისა, ევროპელი პოლიტიკოსები ამ ტრანზაქციული პოლიტიკით გაერთნენ, ერთგვარ ნეტარებაში შევიდნენ, კომფორტის განცდა გაუჩნდათ და აქედან გამოსვლა, რა თქმა უნდა, ძალიან უჭირთ. უკრაინაში მიმდინარე ომი შეიძლება, დასავლეთისთვის იყოს შეხსენება, რომ ასე გაგრძელება არის წარმოუდგენელი და შეუძლებელი“, – განაცხადა ყიფიანმა.
ვიქტორ ყიფიანმა ასევე განაცხადა, რომ ნებისმიერი კონფლიქტი ზავით, შეთანხმებით უნდა დამთავრდეს და სამწუხაროდ, ამ ომის ლოგიკა ისეთია, რომ მან გარკვეული გზა უნდა განვლოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს კონფლიქტი ძალთა ახალი გადანაწილებით დამთავრდება.
„ძალთა ეს ახალი გადანაწილება რეგიონში თუნდაც, იმიტომ არის საფიქრალი, რომ გავთვალოთ, ამ გადანაწილების შედეგად იმ დიდ სურათში სად იქნება ჩვენი ქვეყანა და გამყოფი ხაზის რომელ მხარეს აღმოვჩნდებით დიდ გეოპოლიტიკურ სურათში“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.