ვიქტორ ყიფიანი - საქართველოს განცალკევება იმაზე უარესი გადაწყვეტილება და შედეგი იქნება, ვიდრე სამივე ქვეყნისთვის უარის თქმა
საქართველოს განცალკევება იმაზე უარესი გადაწყვეტილება და შედეგი იქნება, ვიდრე სამივე ქვეყნისთვის უარის თქმა, – განაცხადა ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.
„ეს არა მარტო ამ ეტაპზე, არამედ სამომავლოდ, აღმოსავლეთ ევროპის პერიფერიაზე გარკვეულწილად, არაჯანსაღი კონკურენციის წარმომშობი იქნება და ევროპის მხრიდან პასუხისმგებლიანი მიდგომა სწორედ იმაშიც უნდა გამოიხატებოდეს, რომ ასეთი განცალკევება არ მოხდეს. ეს ერთი ფაქტორი, მეორე ფაქტორი კი ის არის, რომ ჩვენ ხშირად მოგვისმენია და მე მეტწილად, ვეთანხმები ამ თეზას, რომ დღეს ეს გადაწყვეტილება უფრო გეოპოლიტიკური ხასიათის იქნება, ვიდრე იდეალებზე დაფუძნებული“, – განაცხადა ყიფიანმა.
ამ განცხადებით ვიქტორ ყიფიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ ისმის კითხვის ნიშნები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, შესაძლებელია თუ არა უკრაინა-მოლდოვას და საქართველოს განცალკევება და უნდა ველოდოთ თუ არა იმას, რომ სტატუსი მხოლოდ უკრაინას და მოლდოვას მიენიჭოს.
მისი თქმით, ევროპამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც მოცემული მომენტით და გარემოებებით იქნება განპირობებული.
„ამ მომენტის ხელიდან გაშვება იქნება იმ საშუალებების ხელიდან გაშვება, რომელიც სამომავლოდ არც ჩვენ სასარგებლოდ იმუშავებს და არც ევროპის სასარგებლოდ. ჩვენ მაინც მოგვიწევს მერე ერთობლივად ამ გზის გავლა, მაგრამ ის გავლა უკვე იქნება გაცილებით უფრო რთული და გაცილებით დიდ ძალისხმევასა და რესურსთან დაკავშირებული“, – განაცხადა ყიფიანმა.
„ჯეოქეისი“ თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ევროპისთვის პრიორიტეტულია საკუთრივ ევროპის კონტინენტზე პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო განმტკიცება.
„ვაკვირდებით, როგორ ყალიბდება მსოფლიო წესრიგი, რომელსაც მე ხშირად უწესრიგობას ვეძახი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის გარკვეული კონფიგურაცია – აშშ, რომელიც იყო და დღესაც რჩება ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ სახელმწიფოდ, აღმოსავლეთ აზია და ე.წ. გლობალური სამხრეთი. ალბათ, ამ კონფიგურაციაში ევროპას საკუთარი თავი დასამკვიდრებელი აქვს და ევროპის მხრიდან არა ერთი პოლიტიკური დოკუმენტი გვიხილავს იმავე აღმოსავლეთისკენ, აზიისკენ მიმავალი, როდესაც ევროპა ცდილობს, აშშ-ის ჩრდილქვეშ არ მოექცეს და ჩინეთთან, თუ აზიასთან მიმართებაში საკუთარი დამოუკიდებელი პოლიტიკა გაატაროს. ვფიქრობ, როდესაც საუბარია ევროპის თვითდამკვიდრებაზე ძალაუფლების სხვა პოლუსებზე, საკუთრივ ევროპის კონტინენტზე ევროპის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო განმტკიცება, ასე ვთქვათ, ზურგის გამაგრება, თუ შეიძლება ითქვას, ვიდრე ევროპა სხვაგვარ ექსპანსიაზე იფიქრებს, მგონი, ასევე თანაბრად პრიორიტეტულია ევროპისთვის. ამდენად, როდესაც ევროპა პრაქტიკულად, ამ ბუფერულ ზონებში მოვიდა სხვა სახელმწიფოსთან, რუსეთის ფედერაციასთან კონკურენტულ შეხებაში, ასეთი ასე ვთქვათ, ევროპული ეგოს დამტკიცება, რეპუტაციულად საკუთარი თავის აღმოჩენა და მორალურად დამკვიდრება ევროპის თავმოყვარეობის საკითხია და ევროპული თემის“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.