ვიქტორ ყიფიანი - საქართველომ ევროპასთან ერთად განვლო გზა, რომელშიც ძალიან ბევრი ჩაიდო, ევროპის მხრიდან ამ პროცესის შუა გზაში მიტოვება საკუთარ კარში გოლის გატანის თანხვედრი იქნება
ჩვენ და ევროპა, ორივე ვმოძრაობთ ერთმანეთთან შესახვედრად, – ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„ევროპის მოძრაობა ამ გზაზე ალბათ, განპირობებული არის იმით, რომ ევროპამ თავისი სათქმელი უდაოდ უნდა თქვას. როდესაც ევროპაზე ვსაუბრობთ, თუ ავიღებთ საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინას და მოლდოვას, რომლებიც დღესაც გეოპოლიტიკურად ერთგვარ გაურკვევლობაში არიან და დღესაც მათი ბედი ბოლომდე სიცხადით გამოკვეთილი არ არის, ალბათ, ევროპაზე არის სიტყვის თქმა, თუ ვის ეკუთვნის ეს ქვეყნები; ეს ქვეყნები ეკუთვნის ევროპას, თუ არავის. ეს არავის, ანუ კუთვნილება არავისზე სხვა ავის მომასწავებელია ამ შემთხვევაში“, – განაცხადა ყიფიანმა.
მისი თქმით, ევროპისა და საქართველო-უკრაინა-მოლდოვას ინტერესი ერთობლივია.
„ალბათ, იმ პრობლემების გათვალისწინებით, რაც საკუთრივ ევროპას ჰქონდა, სტრატეგიული ავტონომიის საკითხი, ბალკანეთის საკითხი, გაფართოების და ასე შემდეგ, ვფიქრობ, ძველ ევროპას, მაშინ, როდესაც ის აღმოსავლეთისკენ გაფართოვდა და საკუთარი თავის რეგენირება მოახდინა, ალბათ, ამ ქვეყნების მიერთებით რაღაც ახალი სიოს, ახალი დინამიკის შეტანა შეუძლია ამ ევროპულ ერთობაში. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ინტერესი ერთობლივია, ჩვენ რომ ჩვენი თავი ვიპოვოთ ევროპაში, მაგრამ ევროპამაც ასევე საკუთარი თავი რომ დაიმკვიდროს უკეთ და საკუთარი თავი ხელახლა აღმოაჩინოს ამ პროცესში“, – განაცხადა ყიფიანმა.
ვიქტორ ყიფიანმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპამ პრაგმატული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
„საქართველო სამი შესაძლო განვითარების წინაშეა – ან საქართველო ხდება პოლიტიკური ევროპის ნაწილი, თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ, ან საქართველო რჩება საკუთარი თავის იმედად, იმ საფრთხეების პირისპირ, რომელიც ჩვენ ირგვლივ არის, ან საქართველო უნდა მიისაკუთროს ვინმე სხვამ. ბოლო დროს, პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა ფლანგიდან გვესმის დისკუსია, მაგრამ ალბათ, ევროპა ამ კონიუნქტურაზე მაღლა უნდა დადგეს. ჩვენ ხშირად მოგვისმენია, რომ ევროპისგან პრაგმატული გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ და ამ პრაგმატიზმის არსი არის ის, რომ დღევანდელ სამყაროში, სადაც ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს რაციონალი და მეორე მხრივ იდეალიზმი, ალბათ, ეს ის განვითარება არის ისტორიული პროცესების, როდესაც იდეალიზმზე, პრინციპებზე, რა თქმა უნდა, უარს ვერ ვიტყვით, მაგრამ შედარებით, ეს უკანა პლანზე უნდა იქნას გადაწეული. იმიტომ, რომ სამყარო, სადაც უხეშმა ძალამ კიდევ უფრო მეტად დაუფარავი დომინანტის ფუნქცია შეიძინა და, სადაც ძალა პატივს სცემს მხოლოდ ძალას, ევროპის მხრიდან საქართველოს დატოვება მხოლოდ საკუთარი რესურსის ამარად, ევროპის მხრიდან უპატიებელი შეცდომა იქნება, როგორც ქართული ცივილიზაციის წინაშე, ასევე ევროპული ცივილიზაციის წინაშე“, – განაცხადა ყიფიანმა.
მისი თქმით, საქართველომ ევროპასთან ერთად განვლო გზა, რომელშიც ძალიან ბევრი ჩაიდო და ევროპის მხრიდან ამ პროცესის შუა გზაში მიტოვება დაახლოებით, საკუთარ კარში გოლის გატანა იქნება.
„ჩვენ ევროპასთან ერთად განვვლეთ გზა და მე ამას ხშირად, ქართულ-ევროპულ ერთობლივ პროექტს ვეძახი, რომელშიც ამდენი ჩაიდო, როგორც მოტივაცია ევროპელების მხრიდან, ასევე პირდაპირი გაგებით ინვესტიცია, ფინანსური, თუ სხვა. მე ვთვლი, რომ ამ გზის, ამ პროცესის შუა გზაში მიტოვება დაახლოებით, იმის თანხვედრი იქნება, საკუთარ კარში რომ გოლი გაიტანო, ავტოგოლი“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.