ვიქტორ ყიფიანი - მნიშვნელოვანია სასანქციო პაკეტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედდა, მაგრამ ვფიქრობ, დასავლეთმა წინ უნდა გაიხედოს, როგორ გადაწყობას შეძლებს რუსული ეკონომიკა
ძალიან მნიშვნელოვანია სასანქციო პაკეტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იქნა ამოქმედებული, მაგრამ ვფიქრობ, დასავლეთმა სულ მცირეს, 6-9 თვით წინ უნდა გაიხედოს, თუ როგორ გადაწყობას შეძლებს რუსული ეკონომიკა, – განაცხადა ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“.
„როცა სანქციების პაკეტზე ვსაუბრობთ, მხედველობაში ძალიან მკაფიოდ უნდა ვიქონიოთ ორი ამოცანა. ერთი, შეძლებს თუ არა სანქციები, შეცვალოს რუსეთი საგარეო პრიორიტეტი და კურსი, რომელიც დღეს პრაქტიკულად, სამხედრო ძალის გამოყენებაში გამოიხატება, ან როგორც მინიმუმ, რამდენად ეფექტიანი იქნება სანქცია, რომ რუსეთს ფინანსური ნაკადები გადაუკეტოს ომის საწარმოებლად“, – განაცხადა ყიფიანმა.
მისი თქმით, არც თუ ჰიპოთეტურია კითხვა, რამდენად შეიძლება, რუსეთმა დაიხმაროს ჩინეთი და ეკონომიკური სანქციები შედარებით შეიმსუბუქოს.
ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად იქნებიან მზად რუსეთის მოქალაქეები იმისთვის, რომ გაუარესებული ცხოვრების ხარისხს შეეგუონ.
„აი, ეს ელემენტები, ერთად გააზრებული, მეტ-ნაკლებად გაგვიყვანს იმ პასუხის ფორმულირებაზე, დაწესებული სანქციები გრძელვადიან პერსპექტივაში იქნება ეფექტიანი, თუ უკვე მოკლევადიან პერსპექტივაში მოგვცემს საშუალო შედეგს“, – განაცხადა ყიფიანმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად ხედავს რესურსს არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, რომ ომის შეჩერება მოლაპარაკებების გზით მოხერხდეს და თუ ეს მოხერხდება, რა დათმობებზე წასვლა შეიძლება, მოუწიოს კიევსა და მოსკოვს, ვიქტორ ყიფიანმა ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებათა რაუნდების წარმოება ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია.
„მოლაპარაკებათა რაუნდების წარმოება აუცილებელია. იმის მიუხედავად, რომ წინა რაუნდებმა ის შედეგები ვერ გამოიღო, აუცილებელია, თუნდაც ასეთ დაუნდობელ დაპირისპირებაში, ომში ჩართული მხარეები ინარჩუნებდნენ საკომუნიკაციო არხს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს საკომუნიკაციო არხი, პლატფორმა, ერთ დღეს გადაიზრდება ფართო პოლიტიკური მოლაპარაკების პლატფორმად და რაც მალე, მით უკეთესი“, – განაცხადა ყიფიანმა.
როგორც ვიქტორ ყიფიანმა ასევე აღნიშნა, არსებითია, სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების ჩამოყალიბებისას დასავლეთი რაც შეიძლება, ნაკლებ აქცენტს აკეთებდეს რუსეთში რეჟიმის ცვლაზე.
„ეს არის ძალიან დელიკატური საკითხი, მაგრამ ვფიქრობ, ამაზე ნაკლები პედალირება დასავლეთს დაეხმარება, რუსეთის ფედერაციასთან, მის ხელისუფალთან გამონახოს საერთო ენა. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის ხელისუფლება ამ საკითხს, რა თქმა უნდა, ეგზისტენციალური საფრთხის კატეგორიაში გადაიყვანს“, – განაცხადა ყიფიანმა.
მაკა ცინცაძის კითხვაზე, რამდენად იქნება ევროკავშირის და აშშ-ის ინტერესები თანხვედრაში გრძელვადიან პერსპექტივაში, სამხედრო დახმარებასთან მიმართებაში და რამდენად იქნება დასავლეთი ერთსულოვანი, ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, რომ დასავლეთს სხვა არჩევანი არც აქვს.
„თუ უკრაინაში ომი რუსეთის ფედერაციის სამხედრო გამარჯვებით დასრულდა, რაც ჩემთვის პრაქტიკულად წარმოუდგენელია, იმ სამოქალაქო წინააღმდეგობიდან და გმირობიდან გამომდინარე, რასაც უკრაინელები აჩვენებენ, პრაქტიკულად, დასავლეთი უნდა შეელიოს მთელ იმ პოლიტიკურ კაპიტალს, რაც მან ცივი ომის დასრულების შედეგად მოიპოვა. სუფთა ფურცლიდან ისტორიის დაწყება და იმ დივიდენდების ხელახლა მოპოვება, რაც მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან ცივი ომის დასრულებამდე დასავლეთმა მოიპოვა – ვფიქრობ, დასავლური ერთსულოვნების უზრუნველსაყოფად ამაზე უკეთესი სტიმული და ბუნებრივი მოტივატორი ძალიან რთული მოსაძებნია“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.