ვიქტორ ყიფიანი - ევროპარლამენტის რეზოლუციაში მედიათავისუფლებაზე იყო საუბარი, მე უფრო მედიათავაშვებულობაზე ვისაუბრებდი ზოგიერთი მედიასაშუალების შემყურე
ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის მძიმე ბრალდებები კონკრეტული დასაბუთების გარეშე. იქ მედიათავისუფლებაზე იყო საუბარი. მე უფრო მედიათავაშვებულობაზე ვისაუბრებდი საქართველოში ზოგიერთი მედიასაშუალების შემყურე, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენი ვარაუდი არის ის, რომ ამ პროცესების ფესვი და ახსნა გაცილებით ღრმაა და ეს გარკვეულწილად უკავშირდება რეგიონში მიმდინარე პროცესებს, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, მაგრამ არ ვუსწრებთ მოვლენებს. ჯერ თვითონ ბიძინა ივანიშვილის საქმისადმი მიდგომის სტილი არის მაქსიმალური სიმშვიდის შენარჩუნება – ეს სიმშვიდე ჩვენზე, გუნდის წევრებზეც გადმოდის. გარდა ამისა, ვინც ამ ზემოქმედების განმახორციელებელი, ავტორი ან ინიციატორია, თითქოსდა მან შეცდომა დაუშვა ივანიშვილის ფსიქოტიპაჟის გათვლაში. ჩემი წარმოდგენით, ივანიშვილს საქმისადმი ძალიან მშვიდი მიდგომა აქვს და შეეგუა კიდეც, მაგრამ შეეგუა არა უსამართლობას, არამედ იოლად შეეგუა ამ ზემოქმედებას. აქედან გამომდინარე, მხოლოდ სამართლებრივი ხერხების გამოყენებით, კანონის ენით, სამართლიანობის მოშველიებით, დარწმუნებული ვარ, ბოლოში გავალთ“, – განაცხადა ყიფიანმა.