ბანკის შვილობილი კომპანია, რომელიც ბერმუდაში მოპასუხედ გამოდის, გამტყუნდა ჯერ კიდევ მარტში. 25 ივლისის გადაწყვეტილება ეხება აღსრულების საკითხს, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა.
„ვიდრე ამ გადაწყვეტილების აღსრულებაზე ვისაუბრებთ, მინდა გითხრათ, რომ მედიაში და სხვადასხვა კომენტარებში ორი საკითხის ერთმანეთში აღრევა ხდება და ეს აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ.
მოგეხსენებათ, ჩვენ არაერთგზის სხვადასხვა კომენტარებში, ძალიან გასაგებად ვთქვით იმ პრობლემაზე, რომელიც ივანიშვილის, როგორც ბენეფიციარის, მხრიდან კონკრეტულ აქტივებზე წვდომას და მათ განკარგვას უკავშირდება. მინდა, საგანგებოდ აღვნიშნო, რომ ამ თემას და საქმეს არანაირი შეხება არ აქვს ბერმუდასთან მიმდინარე პროცესთან. ეს არის აბსოლუტურად სხვა თემა, რომელიც სათავეს იღებს 4 მარტის მოვლენებით.
ჩვენ ეს პროცესი მოვნათლეთ და შევაფასეთ როგორც პოლიტიზებული, რადგან ბანკის მხრიდან მივიღეთ არაერთგზის სხვადასხვა უცნაური დასაბუთებაც, დაწყებული აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური ვითარებით და ბოლო საბუთი, რომელიც ამოიფარა ტრასტმა, რათა გაემართლებინა შეზღუდვა ჩვენი წვდომისა, იყო ევროპარლამენტის რეზოლუცია, საკამათო და დაუსაბუთებელი ჩანაწერით. ეს არის განსხვავებული საკითხი“, – განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, თანხა რეალურად ბანკის ანგარიშზე არ არის, არის სხვა ბანკის ანგარიშზე.
„ვინმეს თუ გაუჩნდება შეკითხვა, რომ შესაძლოა, ბანკის მოტივი არის, ეს თანხა არ გავიდეს ბანკიდან და ამ თანხის გასვლამ არ იმოქმედოს ბანკის მოგება-ზარალზე, ეს არ არის კავშირში ბანკის ფინანსურ მდგომარეობასთან, რომელიც არცთუ სახარბიელოა, რბილად რომ ვთქვათ. თანხა არის სხვა ბანკის ანგარიშზე, თუმცა იმართება ბანკის შექმნილი „ტრასტის“ მიერ. ამ მხრივ ბანკის მიმართ ჩვენი პრეტენზია რა თქმა უნდა, რჩება.
რაც შეეხება 25 ივლისის გადაწყვეტილებას, მარტში დაეკისრა 607 მილიონ 350 ათასი და 25 ივლისის გადაწყვეტილებით მოხდა საკითხის განხილვა, თუ როგორ აღსრულდება ეს გადაწყვეტილება.
მას შემდეგ, რაც ამოქმედდა, გადაწყვეტილება ექვემდებარებოდა დაუყოვნებლივ აღსრულებას. ბანკის მიერ შექმნილი „ტრასტი“ აცნობიერებდა, რომ მისი შუამდგომლობა აღსრულების შეჩერებაზე იქნებოდა წარუმატებელი და სასამართლოს, როგორც ალტერნატივად და ჩვენს სასარგებლოდ პირდაპირი გარანტია შესთავაზა.
ჩვენი მხრიდან გარანტიის მექანიზმი იქნა დაწუნებული მიზეზით, პირველი გარანტია სხვა არაფერია თუ არა მორიგი სახელშეკრულებო ვალდებულება ბანკის მხრიდან და ჩვენ დავუსაბუთეთ სასამართლოს, რომ ისევე, როგორც წარსულში, ბანკმა არაერთხელ დაარღვია სხვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარანტიები. ასევე, თანაბარი წარმატებით შეიძლებოდა ყოფილიყო დარღვეული. მეორე მიზეზი იყო – ვინაიდან ბანკის დღევანდელი ფინანსური ვითარება არის ძალიან საორჭოფო, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაშიც კი, ასეთი ვალდებულება, ვერ ვიტყვი, რომ ფარატინა ქაღალდია-მეთქი, მაგრამ დიდი წონისა და მნიშვნელობის მატარებელი ვერ იქნებოდა.
ამიტომ ჩვენი კონტრარგუმენტი იყო, რომ რეალური ფულის განთავსება მომხდარიყო სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე და ამ არგუმენტების გაცვლის შედეგად, 25 ივლისის გადაწყვეტილებით, ბანკს დაეკისრა რეალურად ფიზიკური თანხის განთავსება სხვა შვეიცარიულ ბანკში. ეს თანხა განთავსებული იქნება, ვიდრე ბანკი არ ამოწურავს ყველა აპელაციას, მაგრამ ბუნებრივია, ჩვენთვის ეს არის ყველაზე მაღალი რანგისა და ყველაზე მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის ფორმა. დარწმუნებული ვართ, რომ მიუხედავად იმისა, რა დაემართება ბანკს, ეს თანხა არის განთავსებული და შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებას არაფერი ემუქრება. როდესაც ბანკი არის ასეთ ვითარებაში, აგერ, ბერმუდას გადაწყვეტილება, აგერ, სინგაპურში, სადაც ჩვენ ვიწყებთ არსებით განხილვას სექტემბერში და იქაც ჩემი გათვლებით ბანკს შეიძლება დაეკისროს 800 მილიონზე მეტი, უკვე ავდივართ მილიარდ 500 მილიონზე. წამოვიწყეთ ასევე სასარჩელო წარმოება. შედარებით ადრეულ ეტაპზე ვიმყოფებით შვეიცარიაში და იქაც გარკვეული თანხის დაკისრებას ველოდებით.
ასეთ ვითარებაში ალბათ დამეთანხმებით, რომ ლოგიკური იქნება ბანკის მენეჯმენტის მხრიდან, იფიქროს საკითხის მოგვარების გზებზე, რადგან მსხვილი ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან, მიუხედავად იმისა, მართალია თუ არა ნებისმიერ დავაში გახვევა, ეს არის უპირველესად საზიანო მისი ფინანსური რეპუტაციისთვის. Credit Suisse-ის ისტორიას თუ გადავხედავთ, ყველა სკანდალთან და დავასთან მიმართებაში ბანკი ეძებდა ან იპოვა მორიგებით დასრულების გზები, ერთადერთი გამონაკლისი არის ჩვენი შემთხვევა, როდესაც ბანკი ჯიუტად არ ავლენს შეთანხმების უნარიანობას და ყველა მეთოდით ცდილობს დავის გაგრძელებას. ეს არის შეკითხვა, რომელიც უკავშირდება, შესაძლოა, რიტორიკულად დასმულ შეკითხვებს, რა ამოძრავებს ბანკის მენეჯმენტს და რატომ არის მათი დამოკიდებულება ასეთი ფინანსურად უგუნური და კომერციულად დაუსაბუთებელი, ჯერ საკუთარი ინსტიტუტის მიმართ და შემდეგ მოსარჩელის დასაბუთებული მოთხოვნების მიმართ. წარსულში იყო რამდენიმე ფორმალური მცდელობა ბანკის მხრიდან, თითქოს მორიგების მიღწევის, მაგრამ ეს გახლდათ ფორმალური და არაფრისმთქმელი.
ჩვენი მხრიდან ივნისში განხორციელდა საგნობრივი მცდელობა დავის მორიგებით დასრულების, როდესაც ჩვენ ჯამურ მოთხოვნაზე ბანკს შევთავაზეთ 20-პროცენტიანი დისკონტი და ეს ჩვენი წინადადება ჰაერში გამოეკიდა. ასეთ თანხაზე რაც მე დავასახელე, 20-პროცენტიანი დისკონტი საკმაოდ მნიშვნელოვანი და კომპრომისული წინადადებაა.
იბადება შეკითხვა, რა დგას ასეთი ქმედების უკან, რატომ აგრძელებს ბანკის მენეჯმენტი ასე თვითდაზიანების რეჟიმში მუშაობას და ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას ჩვენი მხრიდან, მიუხედავად ასეთი უჩვეულო დამოკიდებულებისა, პროცესის განვითარების სამართლებრივი ლოგიკა არის საჩვენო, დინამიკა არის მყარი ამ დავასთან დაკავშირებით და მთავარი წარმატება იქნება სასამართლო სხდომათა დარბაზებში. ჩვენ აღვნიშნეთ ბერმუდას გადაწყვეტილებები, იგივე მოლოდინში ვართ სინგაპურთან დაკავშირებით და ამ მხრივ ეჭვი არ გვეპარება, რომ შედეგი იქნება საჩვენო. აღსრულების ნაწილს რომ დავუბრუნდეთ, გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 42 დღეში ამ თანხის განთავსება უნდა მოხდეს სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე“, – განაცხადა ადვოკატმა.
შეკითხვაზე, თუ ბანკი სხვებთან ცდილობს მორიგებას, ამ შემთხვევაში რატომ სურს დავის გაგრძელება, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ეს დავა არის სამართლის ფარგლებს მიღმა.
„არის სხვადასხვა ფაქტი და გარემოებები, რომლებიც ბადებს საფუძვლიან ეჭვებს. მოგეხსენებათ, ჩვენ ფრთხილნი ვართ შეფასებებში და არ მივდივართ სიღრმეში, მაგრამ ასეთი სიჯიუტე, განგრძობითი ხასიათი დავის, რომელიც ანგრევს ბანკის რეპუტაციას, რა თქმა უნდა, ბადებს ეჭვს, რომ აქ სხვა რამე ხომ არ არის, გარდა ბიზნესისა და კომერციის ინტერესისა“, – განაცხადა ყიფიანმა.
ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას 42 დღის ვადაში 607,35 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.