ვიქტორ ყიფიანი - ჩვენ ჯერ ვერ დავინახეთ „კრედიტ სუისის“ მხარეს გულწრფელი სურვილი, რომ რეალური მორიგება შედგეს
ვიქტორ ყიფიანი - ჩვენ ჯერ ვერ დავინახეთ „კრედიტ სუისის“ მხარეს გულწრფელი სურვილი, რომ რეალური მორიგება შედგეს

„კრედიტ სუისის“ მაღალი რანგის წარმომადგენელთა მხრიდან იყო შეთავაზება მორიგებაზე საუბრის დაწყებაზე, თუმცა ჩვენი და ბატონი ივანიშვილის პრინციპული, შეუვალი პოზიცია იყო, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება შეიძლება, წარიმართოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბლოკირებული თანხების და კიდევ სხვა რამდენიმე საკითხი იქნება გადაჭრილი, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა.

ყიფიანი ამბობს, რომ ჯერ ვერ დაინახეს ბანკის მხარეს გულწრფელი სურვილი, რომ რეალური მორიგება შედგეს.

„არსებითი განხილვა საკითხზე დასრულდა 23 რიცხვში. ჩვენ ახლა დასკვნითი სიტყვის მოლოდინში ვართ და უკვე შემდგომი ნაბიჯი იქნება სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების გამოტანა. ფაქტობრივი წვდომა სახსრებზე იყო ბლოკირებული, გაურკვეველი მიზეზით და არგუმენტაციებით, მათ შორის ერთ-ერთი ასეთი უცნაური არგუმენტაცია იყო აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები. გარკვეულწილად ჩვენ ამ თანხების განბლოკვის კუთხით წინ წავიწიეთ, სინგაპურის ტრასტის ქვეშ არსებულ ფონდებზე წვდომა გარკვეულწილად გაიხსნა, მაგრამ არის მეორე ფონდი, სადაც პრობლემა რჩება პრობლემად, ვიმედოვნებთ, რომ ეს პრობლემა გადაწყდება.

ჩვენ მთლიანობაში ძალიან კმაყოფილები ვართ პროცესის მიმდინარეობით. ეს კმაყოფილება გამოხატულია არა მხოლოდ იმით, რომ მთელმა გუნდმა სწორად, ობიექტურად და დასაბუთებულად წარმოაჩინა ფაქტები, არამედ განპირობებულია იმითაც, რომ მთავარი მოწმის სახით ბატონი ივანიშვილის გამოსვლა იყო ძალიან დამაჯერებელი. სხვათაშორის, პროცესის მიმდინარეობის წარმატებულობაზე მეტყველებს ის გარემოებაც, რომ ის ძალიან ფართოდ შუქდებოდა საერთაშორისო მედიის მხრიდან, ასევე პროცესის მსვლელობისას ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენელთა მხრიდან იყო შეთავაზება მორიგებაზე საუბრის დაწყებასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენი და ბატონი ივანიშვილის პრინციპული, შეუვალი პოზიცია იყო, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება შეიძლება, წარიმართოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბლოკირებული თანხების და კიდევ სხვა რამდენიმე საკითხი იქნება გადაჭრილი. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაიმე ტიპის მოლაპარაკებას ყოველგვარი ზეწოლის, შანტაჟის გარეშე ჰქონდეს აზრი. სამწუხაროდ, ამის იქით ბანკი ვერ წავიდა. ჩვენ ჯერჯერობით ვერ დავინახეთ მათ მხარეს გულწრფელი სურვილი, რომ ისინი განწყობილი არიან იმისთვის, რომ რეალური მორიგება შედგეს“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

ცნობისთვის, იურიდიულმა ფირმამ „ემ ქეი დი“ სინგაპურში ბიძინა ივანიშვილსა და „კრედიტ სუისს“ შორის მიმდინარე სასამართლო პროცესისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ დღეს წერილობითი ინფორმაცია გაავრცელა.