ვიქტორ ყიფიანი - ბიძინა ივანიშვილის საქმისადმი მიდგომის სტილი არის მაქსიმალური სიმშვიდის შენარჩუნება
ჩვენ საკუთარ თავს ვერ მივცემთ უფლებას, ბრალდებები ისევე ხელაღებით გავისროლოთ ვინმეს მისამართით, როგორც ეს ჩვენი მისამართით ხდება, მაგრამ ერთი რამ ფაქტია – გარკვეულ გარემოებათა და ფაქტების თანხვედრა ძალიან არაკეთილსასურველი და საეჭვო წაკითხვისა თუ ვარაუდების საშუალებას იძლევა, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის მძიმე ბრალდებები კონკრეტული დასაბუთების გარეშე.
„იქ მედიათავისუფლებაზე იყო საუბარი. მე უფრო მედიათავაშვებულობაზე ვისაუბრებდი საქართველოში ზოგიერთი მედიასაშუალების შემყურე. ჩვენი ვარაუდი არის ის, რომ ამ პროცესების ფესვი და ახსნა გაცილებით ღრმაა და ეს გარკვეულწილად უკავშირდება რეგიონში მიმდინარე პროცესებს, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, მაგრამ არ ვუსწრებთ მოვლენებს. ჯერ თვითონ ბიძინა ივანიშვილის საქმისადმი მიდგომის სტილი არის მაქსიმალური სიმშვიდის შენარჩუნება – ეს სიმშვიდე ჩვენზე, გუნდის წევრებზეც გადმოდის. გარდა ამისა, ვინც ამ ზემოქმედების განმახორციელებელი, ავტორი ან ინიციატორია, თითქოსდა მან შეცდომა დაუშვა ივანიშვილის ფსიქოტიპაჟის გათვლაში. ჩემი წარმოდგენით, ივანიშვილს საქმისადმი ძალიან მშვიდი მიდგომა აქვს და შეეგუა კიდეც, მაგრამ შეეგუა არა უსამართლობას, არამედ იოლად შეეგუა ამ ზემოქმედებას. აქედან გამომდინარე, მხოლოდ სამართლებრივი ხერხების გამოყენებით, კანონის ენით, სამართლიანობის მოშველიებით, დარწმუნებული ვარ, ბოლოში გავალთ“, – განაცხადა ყიფიანმა.