ვიქტორ ყიფიანი - ბიძინა ივანიშვილის საქმე იქცა ერთადერთ გამორჩეულ პრეცედენტად, როდესაც ბანკი იყენებს ყველა რესურს, რომ დავა რაც შეიძლება დროში გაწელოს
საბანკო პრაქტიკაში დამკვიდრებული ჩვეულებრივი წესი, როდესაც ესა თუ ის ბანკი, ჩქარობს სკანდალური საქმეები მორიგებით დაასრულოს, ბიძინა ივანიშვილის საქმე იქცა ერთადერთ გამორჩეულ პრეცედენტად, როდესაც ბანკი იყენებს ყველა რესურს, ეს დავა რაც შეიძლება დროში გაწელოს, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, ბიძინა ივანიშვილსა და შვეიცარულ ბანკ „კრედიტ სუისს“ შორის მიმდინარე სასამართლო დავაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, გარდა სამართლებრივი დავისა, დიდი უმსგავსობა შეიძლება ეწოდოს იმას, რაც ხდება.
„ეს არის უმსგავსობა, რომელიც დაიწყო 2008 წელს, ბანკის რიგი თანამშრომლების მხრიდან. ბანკმა ეს არ იკმარა. მიუხედავად იმისა, რომ ამას მოჰყვა შვეიცარიის ფინანსური მარეგულირებლის მოხსენება, ბანკის სხვადასხვა სტრუქტურის მხრიდან ამ დარღვევებზე რეაგირება არ ხდებოდა და ჩვენ მივიღეთ ვითარება, როდესაც სახეზე გვაქვს არა საბანკო-საფინანსო ინსტიტუტი, არამედ გარკვეული სინდიკატი, რომელიც ერთგვარი შეთქმულებით მოქმედებდა.
ისტორიამ თავისი გაგრძელება ჰპოვა, როდესაც შვეიცარიის პროკურატურამ უმსგავსობის თავისი წილი შეიტანა და იმის ნაცვლად, რომ კანონის სადარაჯოზე ყოფილიყო, პასიურობას იჩენდა და ამ პასიურობას დღესაც ავლენს.
შვეიცარიის მართლმსაჯულება, რომელიც იმდენად უცნაურ და ეგზოტიკურ გადაწყვეტილებამდე მივიდა, როდესაც ჩათვალა და თქვა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში, რომ ბანკის ვალდებულება კლიენტის მიმართ არა მათ უშუალო ურთიერთობაზე არის დამოკიდებული, არამედ მესამე პირების მხრიდან ვალდებულებების შესრულებაზე.
ჩვენ მივიღეთ ისეთი სურათი, რომ ის, რაც შვეიცარიის საბანკო სისტემის მდგრადობას, სიმტკიცეს, კეთილსინდისიერებას უკავშირდება, რეალურად, საქმეში და პრაქტიკაში ამან შეიძინა აბსოლუტურად ამოტრიალებული მნიშვნელობა, ეს გაკვირვებას იწვევს“, – განაცხადა ადვოკატმა.
ვიქტორ ყიფიანის შეფასებით, უცნაურია, რომ დავიდან დავამდე უზარმაზარი რეპუტაციული და ფინანსური ზიანის მიუხედავად, ბანკი მაინც განაგრძობს ამ დავას.
„ჩვენთვის უცნაურობა არის ის, რომ მიუხედავად იმ უზარმაზარი რეპუტაციული ზიანისა, რასაც ბანკი განიცდის დავიდან დავამდე, მიუხედავად იმ მრავალმილიონიანი ზარალისა, რაც ბანკს ეკისრება ასანაზღაურებლად, ბანკი მაინც აგრძელებს ამ დავას. საბანკო პრაქტიკაში დამკვიდრებული ჩვეულებრივი წესი, როდესაც ესა თუ ის ბანკი, ჩქარობს ასეთი სკანდალური საქმეები მორიგებით დაასრულოს, ბატონი ივანიშვილის საქმე იქცა ერთადერთ გამორჩეულ პრეცედენტად, როდესაც ბანკი იყენებს ყველა რესურს, ეს დავა რაც შეიძლება დროში გაწელოს.
მთავარი დასკვნა და რეზიუმე შეიძლება ითქვას არის ის, რომ საქმე, რომელიც ესოდენ დაფუძნებულია ბანკის მხრიდან სიცრუეზე, სიყალბესა და ფაბრიკაციაზე, ჩნდება კითხვა, რაში უნდა სჭირდებოდეს ბანკს სასამართლომდე ამ საქმის მიტანა, რა ამოძრავებს ბანკს, რა ხდება?! რატომ ხდება ისე, როდესაც მენეჯმენტი, ზედაპირზე არსებული სიყალბის და სიცრუის მიუხედევად, მაინც უგულებელყოფს ბანკის ინტერესებს“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
ცნობისთვის, იურიდიულმა ფირმამ „ემ ქეი დი“ სინგაპურში ბიძინა ივანიშვილსა და შვეიცარულ ბანკ „კრედიტ სუისს“ შორის მიმდინარე სასამართლო პროცესისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ რამდენიმე დღის წინ წერილობითი ინფორმაცია გაავრცელა.