ვიქტორ წილოსანი - გვაქვს მოლოდინი, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა გაიზრდება, ამიტომ, ვგეგმავთ 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შეძენას
გვაქვს მოლოდინი, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა გაიზრდება და ამიტომ, ვგეგმავთ 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შეძენას, – ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„არსებული პარკი საკმარისია იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში არსებულ მობილობის მოთხოვნას მოემსახუროს, თუმცა ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა გაიზრდება და ამიტომ, ვგეგმავთ 18-მეტრიანი ავტობუსების შეძენას. მომდევნო წლიდან მოხდება 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შეძენა, რომ ამ გაზრდილ მოთხოვნას მზად დავხვდეთ“, – განაცხადა წილოსანმა.
ვიქტორ წილოსანმა ასევე აღნიშნა, რომ თუ ჭავჭავაძის გამზირს შეეძლო, საათში 17 000 ადამიანი გაეტარებინა, დღეს შეუძლია, 25 000 ადამიანი გაატაროს.
„ჭავჭავაძის გამზირი დასაწყისში ყბადაღებული თემა იყო და ყველა მძღოლი უკმაყოფილო იყო. ადამიანების გამტარუნარიანობის კუთხით თუ დავითვლით, ჭავჭავაძის გამზირზე საათში ერთნახევარჯერ გაიზარდა გამტარუნარიანობა. ანუ, თუ ჭავჭავაძის გამზირს შეეძლო, საათში 17 000 ადამიანი გაეტარებინა, დღეს შეუძლია, 25 000 ადამიანი გაატაროს. რა თქმა უნდა, ამას ვერ მივიღებდით ავტომობილების გატარებით. მივიღეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გატარებით. ასევე, ჭავჭავაძის გამზირზე ორჯერ, თუ ორნახევარჯერ არის გაზრდილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოთხოვნა“, – განაცხადა წილოსანმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ წარმოიქმნა მუდმივი საცობები დიდ დიღომში, მაგალითად, მირიან მეფის ქუჩაზე მას შემდეგ, რაც ქუჩების რეაბილიტაცია მოხდა და რამდენად რეალისტურია, ამ მიმართულებით პოლიტიკა გადაიხედოს, როდესაც მერია გარკვეულ ხარვეზს ხედავს, ვიქტორ წილოსანმა განაცხადა, რომ მერია ამაში ხარვეზს ვერ ხედავს და ეს პოლიტიკა არ გადაიხედება.
„ვინ თქვა, რომ მერია ხარვეზს ხედავს? არა, რა თქმა უნდა. ჩვენ თუ ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, ავტომობილის გზა შეიზღუდა თუ არა, ბოლო 70 წლის განმავლობაში თუ მთელი ურბანული სივრცე ავტომობილს ჰქონდა დაკავებული, ჩვენ თავიდანვე, როცა ამ რეფორმას ვიწყებდით, ვთქვით, რომ მოხდა პრიორიტეტების ამოტრიალება. პირველი პრიორიტეტი არის ფეხით მოსიარულე, შემდეგ არის ველოსიპედი, ასე ვთქვათ, სქროლები და მეგობრული ტრანსპორტი, შემდეგ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შემდეგ, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, არის ტვირთის გადამზიდი ტრანსპორტი და მხოლოდ შემდეგ არის კერძო ავტომობილი. ამ პრიორიტეტებს თუ გადავხედავთ, პრიორიტეტები დიდ დიღომშიც ამის შესაბამისად დალაგდა. საცობის მიღება არ ნიშნავს იმას, რომ ქუჩის გამტარუნარიანობა არ გაიზარდა. დიდ დიღომში მივიღეთ უფრო მაღალი გამტარუნარიანობის ქუჩა, ვიდრე აქამდე გვქონდა“, – განაცხადა წილოსანმა.
ვიქტორ წილოსანმა პარკირების საკითხთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნებმა უკვე დაიწყეს გარკვეულ ქუჩებზე არა მხოლოდ პარკირებების გაუქმება, არამედ ავტომობილებით გადაადგილების გაუქმება და თბილისის მერიის პოლიტიკაც ამისკენ არის მიმართული, რომ ადამიანებზე გადაეწყოს.
„ევროპაში გარკვეულ ქუჩებს ტოვებენ მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, ან მხოლოდ ქვეითისთვის. ჩვენი პოლიტიკაც ზუსტად ამისკენ არის მიმართული, რომ ადამიანებზე გადავეწყოთ, ურბანული სივრცე მაქსიმალურად გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ადამიანებმა შეძლონ კომფორტულად გადაადგილება, თუ ყოფნა და არა ავტომობილების გამონაბოლქვში ყოფნა“, – განაცხადა წილოსანმა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, იმ მოცემულობაში, როდესაც მუნიციპალური ტრანსპორტი განვითარების თვალსაზრისით იმ ნიშნულზე არ არის, რაზეც უნდა იყოს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადაერთოს, რამდენად მართებულია ის, რომ თუნდაც ავტომობილის მფლობელები პრიორიტეტების ჩამონათვალში ბოლოს არიან, წილოსანმა აღნიშნა, რომ თბილისის მოსახლეობის 72%-ს ავტომობილი არ ჰყავს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს. მისივე თქმით, რაც შეეხება იმას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არასაკმარისია, ავტობუსები არის, მაგრამ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლების არარსებობის გამო, ეს ავტობუსები 100 000 მგზავრს ვერ ემსახურება, რაც 2023 წლის ბოლოსთვის გადაიჭრება.
„ჩვენ გვყავს ავტობუსები, მაგრამ ვერ ვემსახურებით 100 00 მგზავრს, რადგან არ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლები. რა თქმა უნდა, ასე ვერ იქნება, რომ ერთ დილით გავიღვიძებთ და ეს ზოლები ყველგან გვექნება. ჩვენ ვთქვით, რომ ორი წელი დასჭირდება ბოლომდე მისვლას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლები გვქონდეს, რათა გადაადგილება კომფორტული იყოს. ჯერ მხოლოდ რვა თვე გავიდა და 2023 წლის ბოლოს იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლები“, – განაცხადა წილოსანმა.