ვიქტორ ორბანმა უკრაინის პრეზიდენტი ოპონენტად მოიხსენია, ზელენსკი კი აცხადებს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს არჩევანის გაკეთება რუსეთსა და სხვა სამყაროს შორის მოუწევს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრს მოუწევს, გააკეთოს არჩევანი რუსეთსა და სხვა სამყაროს შორის, – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას შემდეგ გააკეთა, რაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ოპონენტებს შორის ზელენსკი დაასახელა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც რუსეთთან მჭიდრო კავშირების გამო, ევროკავშირში ხშირად აკრიტიკებენ, მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას თქვა, რომ უნგრეთში ჩატარებულ საპარალამენტო არჩევნებზე მისი ოპონენტები იყვნენ „ბრიუსელის ბიუროკრატები, საერთაშორისო მეინსტრიმ მედია და უკრაინის პრეზიდენტი“.
ორბანის ამ განცხადებას ზელენსკი ტელემარათონის დროს გამოეხმაურა. მისი თქმით, ის არაერთხელ შეეცადა, შეხვედროდა ვიქტორ ორბანს, თუმცა როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს მასთან შეხვედრის „შეეშინდა“.
„ვიქტორ ორბანს მოუწევს არჩევნის გაკეთება რუსეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის. მას შეუძლია თქვას, რომ ის უნგრეთს ირჩევს, მაგრამ უნგრეთი სხვა სამყაროს ნაწილია. მე არაერთხელ მსურდა ორბანთან შეხვედრა. დავურეკე, მოვიპატიჟე, შეხვედრა შევთავაზე. მას ეშინოდა, ამაში დარწმუნებული ვარ. შეიძლება, ეწყინოს და მითხრას, რომ მას არაფრის ეშინია, მაგრამ მას ეშინია მის სახელმწიფოზე რუსეთის გავლენის. ეს გავლენა არსებობს. მეორე საკითხია, მოსწონს თუ არა ეს ორბანს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ მისი აზრით, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას სავარაუდოდ მხარს არ დაუჭერს სამი სახელმწიფო და მათ შორის ერთ-ერთი იქნება უნგრეთი.
„რაც შეეხება უნგრეთს, ვფიქრობ, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას სავარაუდოდ მხარს არ დაუჭერს სამი სახელმწიფო და ერთ-ერთი იქნება უნგრეთი, თუმცა ორბანი უკრაინის გაწევრიანების ბლოკირებას არ მოახდენს, რადგან ეს რუსეთის ღია მხარდაჭერა იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.