უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გაგზავნილი წერილი გამოაქვეყნა.
„მას შემდეგ, რაც გავრცელდა ჩემი სამშვიდობო მისიის შესახებ ფრაგმენტები მოხსენებიდან, რომელიც შარლ მიშელს გავუგზავნე, სიცხადისა და კონტექსტის გაგების მიზნით, გადავწყვიტე, გამომექვეყნებინა მთლიანი დოკუმენტი“, – წერს ვიქტორ ორბანი.
წერილი ათი პუნქტისგან შედგება. პირველივე პუნქტში საუბარია, რომ ზოგადი დაკვირვებით, სამხედრო კონფლიქტის ინტენსივობა უახლოეს მომავალში გაიზრდება. წერილში ორბანი აღნიშნავს, რომ არცერთ მხარეს არ სურს, გამოიჩინოს ინიციატივა ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად, ამიტომ გარე ჩართულობის გარეშე სავარაუდოა, რომ „დაძაბულობა არ შემცირდება“.
„არსებობს სამი გლობალური მოთამაშე, რომლებსაც შეუძლიათ, გავლენა მოახდინონ მიმდინარე მოვლენებზე: ევროკავშირი, აშშ და ჩინეთი. ასევე უნდა გავითვალისწინოთ თურქეთი, მნიშვნელოვანი რეგიონული მოთამაშე, ერთადერთი წარმატებული შუამავალი უკრაინასა და რუსეთს შორის 2022 წელს საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ. ჩინეთი უფრო აქტიურ როლს ითამაშებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ჩართულობის შემთხვევაში, წარმატების შანსი ნათელი იქნება. მათი შეფასებით, ამ დროისთვის ეს ასე არ არის“, – აღნიშნულია წერილში.
მოხსენებაში ასევე საუბარია ორბანის შეხვედრაზე აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან. ორბანი აღნიშნავს, რომ აშშ ამ მომენტში საპრეზიდენტო კამპანიით არის დაკავებული და არჩევნების დასრულებამდე მათგან რაიმე სახის ინიციატივა ნაკლებად სავარაუდოა.
„პრეზიდენტ ტრამპთან მოლაპარაკების დროს მივედი დასკვნამდე, რომ საგარეო პოლიტიკა მხოლოდ მცირე როლს ითამაშებს მის კამპანიაში, რომელშიც დომინირებს შიდა პოლიტიკური საკითხები. ამიტომ, არჩევნებამდე მისგან სამშვიდობო ინიციატივას არ უნდა ველოდოთ, თუმცა დანამდვილებით შემიძლია განვაცხადო, რომ არჩევნებში გამარჯვებიდან მალევე, ის არ დაელოდება თავის ინაუგურაციას, მზად იქნება, დაუყოვნებლივ იმოქმედოს მშვიდობის შუამავლის როლში. ამისთვის მას დეტალური და დასაბუთებული გეგმები აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვების სავარაუდო შედეგით, აშშ-სა და ევროკავშირს შორის ფინანსური ტვირთი მნიშვნელოვნად შეიცვლება ევროკავშირისთვის არახელსაყრელად, როდესაც საქმე ეხება უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერას.
არსებულ ვითარებაში ჩვენ შეგვიძლია, ვიპოვოთ შესაძლებლობების ფანჯარა ძლიერი მორალური და რაციონალური საფუძვლებით, რათა დავიწყოთ ჩვენი პოლიტიკის ახალი ეტაპი. ჩვენ შეგვიძლია, შევეცადოთ, შევამციროთ დაძაბულობა და/ან შევქმნათ პირობები დროებითი ცეცხლის შეწყვეტისთვის და/ან სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად.
გთავაზობთ დისკუსიის დაწყებას შემდეგ წინადადებებზე:
ჩინეთთან მაღალი დონის პოლიტიკური მოლაპარაკებების გამართვის ინიციატივა მომავალი სამშვიდობო კონფერენციის შესახებ, უკრაინასთან არსებული მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტების შენარჩუნებისას, რუსეთთან დიპლომატიური კომუნიკაციის პირდაპირი ხაზების ხელახლა გახსნა და ასეთი პირდაპირი კონტაქტების აღდგენა პოლიტიკურ კომუნიკაციაში, კოორდინირებული პოლიტიკური იერიშის დაწყება გლობალური სამხრეთის მიმართ, რომლის პატივისცემაც დავკარგეთ უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციის გამო, რამაც გამოიწვია ტრანსატლანტიკური საზოგადოების გლობალური იზოლაცია. იმედი მაქვს, რომ ჩემი მოხსენებები და წინადადებები შეიძლება იყოს სასარგებლო შესაძლო წინადადებებსა და ინიციატივებში, რომლებსაც წარუდგენთ ევროკავშირის ლიდერებს შესაფერის შემთხვევაში და ხელსაყრელ ფორმატში“, – აღნიშნულია ვიქტორ ორბანის მიერ შარლ მიშელისთვის გაგზავნილ წერილში.