უკრაინის საკითხზე ვიქტორ ორბანის წერილის გამო, შარლ მიშელი ჩინეთში ვიზიტს დროზე ადრე შეწყვეტს და ევროკავშირის ლიდერებთან დისკუსიას გამართავს
ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილის გამო შარლ მიშელი ჩინეთში ვიზიტს დროზე ადრე შეწყვეტს.
როგორც „პოლიტიკო“ იუწყება, მიშელი ბრიუსელში დაბრუნდება და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან დისკუსიას გააგრძელებს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა წერილი გაუგზავნა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს და მოუწოდა შარლ მიშელს, ამოიღოს უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის დაწყების საკითხი 14-15 დეკემბერს ბრიუსელში დაგეგმილი სამიტის დღის წესრიგიდან.
„პატივისცემით მოგიწოდებთ ამ საკითხზე ევროკავშირის საბჭო არ მოიწვიოთ, რადგანაც თვალსაჩინოა, რომ კონსენსუსი არ არსებობს და ეს გარდაუვალ წარუმატებლობას გამოიწვევს“, – ნათქვამი ორბანის წერილში, რომელიც 4 დეკემბრითაა დათარიღებული.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, მიშელის მიერ ჩინეთში ვიზიტის შეწყვეტის მიზეზი ნაწილობრივ ის არის, რომ მას არ აქვს დაცული საკომუნიკაციო ხაზი, რომ ევროპელ ლიდერებთან დისკუსია ვიზიტის დროს გამართოს.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამავე საკითხზე სასაუბროდ კვირის ბოლოს ვიქტორ ორბანი პარიზში მიიპატიჟა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც.
ჩინეთში ჩინეთ-ევროკავშირის სამიტი 7-8 დეკემბერისთვის არის დაგეგმილი, შარლ მიშელი კი, სამიტს მხოლოდ ერთი დღე დაესწრება.