ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომზე უარს არ იტყვის, რადგან მოახლოებულ არჩევნებში წაგების ეშინია
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომზე უარს არ იტყვის, რადგან მოახლოებულ არჩევნებში წაგების ეშინია. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანულენოვანი გამოცემა „ტიხის აინბლიკი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, როგორც ბუდაპეშტში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ვლადიმერ პუტინს ესმის, რომ უკრაინაში დამარცხების შემთხვევაში, ის ვერ მოიგებს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს, თუნდაც მასობრივი გაყალბებით.
ორბანი მიიჩნევს, რომ კრემლი გულგრილია დასავლეთისგან იზოლაციის მიმართ, რაც უფრო მეტად ადასტურებს რუსების მოსაზრებას, რომ დანარჩენ მსოფლიოს თითქოს არ ესმის რუსეთის.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსეთმა ისტორიულად აჩვენა, რომ ომების დასაწყისში ის სუსტია „კორუფციის, დაუდევრობის, მეთაურების არაკომპეტენტურობისა და საშინელი ტაქტიკური შეცდომების“ გამო, მაგრამ „ძალიან მალე იცვლება, ძალების მობილიზებას ახდენს და სწრაფად სწავლობს“.
როგორც მედია წერს, ომში რუსეთის მიზნებზე საუბრისას ორბანი აღნიშნავს, რომ საქმე ეხება არა უკრაინის სრულ დაპყრობას, არამედ ბუფერული ზონის შექმნას, დაახლოებით, დონბასში კონტაქტის ხაზის გასწვრივ.