ვიქტორ ორბანის განცხადებების გამო სლოვაკეთისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებში უნგრეთის ელჩები დაიბარეს
ვიქტორ ორბანის განცხადებების გამო სლოვაკეთისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებში უნგრეთის ელჩები დაიბარეს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებების გამო სლოვაკეთისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებში უნგრეთის ელჩები დაიბარეს.

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უნგრეთის ელჩის გამოძახება ვიქტორ ორბანის განცხადებას უკავშირდება, რომელმაც თქვა, რომ სლოვაკეთი უნგრეთისგან ჩამოშორებული პროვინციის ნაწილია.

სლოვაკეთის საგარეო უწყების განცხადების მიხედვით, ჩეხოსლოვაკია და, შესაბამისად, სლოვაკეთიც და უნგრეთიც, თანაბრად არიან ავსტრია-უნგრეთის სამართალმემკვიდრეები, ამიტომ მათ არაფერი ჩამოუშორებიათ დღევანდელი უნგრეთისთვის.

„ჩვენს ინტერესებშია უნგრეთთან ნორმალური და მშვიდი ურთიერთობების შენარჩუნება, მაგრამ მგრძნობიარე საკითხების ურთიერთგათვალისწინებით და ურთიერთპატივისცემით. უნგრეთის პრემიერის ბოლო განცხადებები ამას არ შეესაბამება“, – აღნიშნულია სლოვაკეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

თავის მხრივ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ დაადასტურა რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უნგრეთის ელჩის გამოძახება და განაცხადა, რომ „ეს არ იყო დიდი მოულოდნელობა“.

„რუმინეთის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა პრაქტიკულად გაიმეორა წინა დემარშის თეზისები, ამჯერად გამოსვლის შემდეგ გაკეთებული განმარტებებით“, – აღნიშნა პიტერ სიიარტომ.

საუბარია დემარშზე, როდესაც რუმინეთის ელჩმა უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასცა ინსტრუქცია ბუქარესტიდან, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი, რისი განხილვა არ იყო შესაძლებელი ტუშვანოშის საზაფხულო უნივერსიტეტის ფარგლებში, სადაც ვიქტორ ორბანი სიტყვით გამოვიდა.