ვიქტორ ორბანი - ვაკვირდები არჩევნების შემდგომ კამათს, ვეცნობი საერთაშორისო გამოხმაურებას და არავის გაუბედავს თქმა, რომ არჩევნები ან მისი შედეგები არ არის დემოკრატიული
ვაკვირდები არჩევნების შემდგომ კამათს, ვეცნობი საერთაშორისო გამოხმაურებას და არავის გაუბედავს თქმა, რომ არჩევნები ან მისი შედეგები არ არის დემოკრატიული, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ორბანმა საქართველოს პრემიერს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„მინდა, მივულოცო საქართველოს პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება. ვაკვირდები კამათს, რაც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ხდება, ვეცნობი საერთაშორისო გამოხმაურებასაც და შემიძლია ვთქვა, რომ არავის გაუბედავს იმისი თქმა, რომ ეს არჩევნები ან მისი შედეგები რაიმე სახით არ ყოფილიყოს დემოკრატიული, იმ კრიტიკული აზრის გარდა, რაც გამოითქვა. ეს ასეა. ჩვენ, უნგრელები, ასევე ვაგზავნით ხოლმე ჩვენს დამკვირვებლებს და საქართველოშიც ასე იყო. შევისწავლე ის ანგარიში, რომელიც უნგრელმა დამკვირვებლებმა წარმოადგინეს და ყველა ასპექტით იყო პოზიტიური, ანგარიშში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების შესახებ იყო საუბარი. ამიტომ მინდა, მივულოცო საქართველოს პრემიერ-მინისტრს“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.