უნგრეთის პრემიერ- მინისტრმა პირობა დადო, რომ უსაფრთხოებას და ქრისტიანულ კულტურას დაიცავს. ვიქტორ ორბანი უნგრეთის პრემიერ- მინისტრად აპრილში აირჩიეს. დღეს კი უნგრეთის პრეზიდენტმა მას ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირება დაავალა. ორბანი პრემიერის პოსტს მესამე ვადით ხვალიდან დაიკავებს.
პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ უნგრეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ მისი კაბინეტის მთავარი მიზანი უნგრეთის უსაფრთხოების და ქრისტიანული კულტურის დაცვა იქნება. მისივე განცხადებით, ის უნგრეთში „ქრისტიანულ დემოკრატიას“ აშენებს.
„ჩვენ ვმუშაობთ ტრადიციული ევროპული ქრისტიანული დემოკრატიის დამკვიდრებისთვის. გვჯერა, რომ ცალკეული ერი მნიშვნელოვანია და არ გვსურს, უნგრეთში ადგილი დაუთმოთ მულტინაციონალურ ბიზნესს, ან პოლიტიკურ იმპერიას“, – განაცხადა ორბანმა.
პირველი კანონი, რომლესაც ორბანის მთავრობა დაამტკიცებს, იქნება ე.წ. სოროსის კანონი, რომელიც მიგრაციის და მიგრანტების მხარდამჭერ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გადასახადების გაზრდას ითვალისწინებს.