ვიქტორ ორბანი - უნგრეთში არ დავუშვებთ ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერ აქციებს, რადგან ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის ტერორისტული საფრთხე იქნება
უნგრეთი არ დაუშვებს ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერი აქციების ჩატარებას, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
„შემაძრწუნებელია, რომ მთელ ევროპაში იმართება ტერორისტების მხარდამჭერი აქციები“, – განაცხადა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა არ დაუშვებს „ტერორისტული ორგანიზაციების“ მხარდამჭერი აქციების ჩატარებას, რადგან, მისი თქმით, უნგრეთის ყველა მოქალაქემ უნდა იგრძნოს თავი უსაფრთხოდ, მიუხედავად მათი რწმენისა და წარმომავლობისა.
ორბანის განცხადებით, ისრაელს აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტი არ გავრცელდეს სხვა ქვეყნებში, რაც დესტაბილიზაციას მოახდენს მთელ რეგიონში.
„აქციის ჩატარების მცდელობები იყო უნგრეთშიც, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერ აქციებს, რადგან ეს უნგრეთის მოქალაქეებისთვის ტერორისტული საფრთხე იქნება. ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ერთმა უნგრელმა მაინც, განურჩევლად მათი რწმენისა თუ წარმოშობისა, თავი დაუცველად იგრძნოს“, – თქვა ორბანმა.