ვიქტორ ორბანი - უნგრეთის თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვა თუ გვინდა, სხვა არჩევანი არ გვაქვს, ბრიუსელის დაკავების გარდა
უნგრეთის თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვა თუ გვინდა, სხვა არჩევანი არ გვაქვს, ბრიუსელის დაკავების გარდა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში ევროკავშირის არჩევნებზე საუბრისას უნგრეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ აქციაზე განაცხადა.
როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, ივნისში დაგეგმილი ევროკავშირის არჩევნები არის უნგრეთის სუვერენიტეტის დაცვის შანსი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ივლისიდან უნგრეთი ექვსი თვით ევროკავშირის საბჭოში თავმჯდომარეობას გადაიბარებს.
„ახლა ჩვენ მსვლელობას გავმართავთ ბრიუსელში და თავად განვახორციელებთ ცვლილებებს ევროკავშირში. ჩვენ 1 100 წლის სახელმწიფო ვართ“, – განაცხადა მან.
პრემიერის თქმით, უნგრეთი არ დაუშვებს, რომ ბრიუსელმა ევროპელებს ზურგი აქციოს.
„ჩვენ მოგვატყუეს, აჯანყების დროა. დროა, აღვადგინოთ ევროპელი ხალხის თვითშეფასება და სიამაყე. მარტო არ ვართ. ჩვენ არ მოვითმენთ, რომ ფერმერები განადგურდნენ, საშუალო კლასი უკაპიკოდ დარჩეს, ევროპული კომპანიები გაკოტრდნენ, ჩვენი შვილები საგადასახადო მონები გახდნენ და ამ ყველაფერთან ერთად, ევროპას ომისკენ ექაჩებიან“, – განაცხადა ორბანმა.
ვიქტორ ორბანის განცხადებით, მალე ევროპასა და ამერიკაში ნორმალური ცხოვრების აღდგენა მოხდება.