ვიქტორ ორბანი - უნგრეთი თუ გააგრძელებდა ვეტოს გამოყენებას, 26 ქვეყანა მაინც დათანხმდებოდა უკრაინაში თანხის გაგზავნას, ისინი უნგრეთისთვის გამოყოფილ თანხებსაც უკრაინაში გააგზავნიდნენ
ვიქტორ ორბანი - უნგრეთი თუ გააგრძელებდა ვეტოს გამოყენებას, 26 ქვეყანა მაინც დათანხმდებოდა უკრაინაში თანხის გაგზავნას, ისინი უნგრეთისთვის გამოყოფილ თანხებსაც უკრაინაში გააგზავნიდნენ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ თავისი ქვეყნის გამო ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, ვიდრე ევროკავშირის მხრიდან უკრაინის ახალი ფინანსური დახმარების პაკეტს დათანხმდებოდა.

ამის შესახებ ორბანმა უნგრულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

ორბანის თქმით, ევროკავშირის ახალ პაკეტზე თანხმობით მან თავიდან აიცილა ევროკავშირის სახსრების დაკარგვის რისკი, რომელიც გენერალური ხაზინიდან ბუდაპეშტისთვის იყო გამოყოფილი.

„ყველაფერი გავაკეთე, რისი გაკეთებაც შემეძლო. შემიძლია ვთქვა, რომ ეს შეთანხმება თუ არ შედგებოდა და უნგრეთი გააგრძელებდა ვეტოს გამოყენების უფლებას, 26 ქვეყანა მაინც დათანხმდებოდა უკრაინაში თანხის გაგზავნას, რომელსაც ვერ შევაჩერებდი. ისინი უნგრეთისთვის გამოყოფილ თანხებსაც უკრაინაში გააგზავნიდნენ – რატომ იქნებოდა ეს კარგი?“ – განაცხადა ორბანმა.

როგორც უნგრეთის პრემიერი ამბობს, ევროკავშრირმა და უნგრეთმა შეძლეს გამოსავლის მოძებნა.

„ბოლოს ჩვენ ვნახეთ გამოსავალი და ძალიან კარგი შეთანხმება. ჩვენ არ ვაგზავნით იარაღს უკრაინაში, ვიღებთ ფულს ბრიუსელიდან და შევიტანთ წვლილს უკრაინის სამოქალაქო დაფინანსებაში“, – ამბობს ორბანი.

ორბანის თქმით, დასავლეთში ფიქრობენ, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო გაუმჯობესდება უკრაინის სამხედრო მდგომარეობა, რასაც ის არ ეთანხმება.

„ვფიქრობ, დრო რუსების მხარესაა. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით მეტი ადამიანი დაიღუპება და ძალთა ბალანსი არ შეიცვლება უკრაინის სასარგებლოდ“, – თქვა ორბანმა.