ვიქტორ ორბანი - უნგრეთი მეზობელ უკრაინაში ომის გარეთ დარჩება, ხოლო დანარჩენი ევროპა უკვე ირიბად ომშია რუსეთთან
უნგრეთი მეზობელ უკრაინაში ომის გარეთ დარჩება, ხოლო დანარჩენი ევროპა უკვე ირიბად ომშია რუსეთთან, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების პოზიცია ომის მიმართ გასაგებია, მაგრამ კონფლიქტი შეიძლებოდა, სხვაგვარად განვითარებულიყო რუსეთისთვის გარანტიის მიცემით, რომ უკრაინას ნატო-ში არ მიიღებდნენ.
„თქვენ თუ აგზავნით იარაღს, თუ მიაწოდებთ სატელიტურ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია სამხედრო მოქმედებისთვის, თუ ამზადებთ ერთ-ერთი მებრძოლი მხარის ჯარისკაცებს, თუ თქვენ აფინანსებთ მისი მთელი სახელმწიფო აპარატის მუშაობას და დაუწესებთ სანქციებს მეორე მხარეს, მაშინ, რაც არ უნდა თქვათ, თქვენ ომში ხართ, არაპირდაპირ ომში. ომში გადასვლის საფრთხე მუდმივი გახდა. დაიწყო ჩაფხუტებით, გაგრძელდა ადამიანების მოსაკლავად შეუსაბამო აღჭურვილობის გაგზავნით, ახლა ვაგზავნით ტანკებს, დღის წესრიგშია საბრძოლო თვითმფრინავები და მალე გავიგებთ ე.წ. სამშვიდობო ძალების შესახებ. ისინი სახურავზე მყოფი მთვარეულებივით არიან. უკრაინის ომში საუბარია არა სიკეთისა და ბოროტების ჯარებს შორის ბრძოლაზე, არამედ ორი სლავური ქვეყნის ჯარებზე, რომლებიც იბრძვიან ომში, რომელიც ჯერჯერობით შეზღუდულია სივრცესა და დროში. ეს მათი ომია და არა ჩვენი. უნგრეთი აღიარებს უკრაინის უფლებას თავდასხმისგან თავდაცვის მიზნით, მაგრამ არავითარი თვალსაზრისით არ იქნება სწორი, თუ უკრაინის ინტერესებს უნგრეთზე წინ დავაყენებთ. უკრაინის ჰუმანიტარული მხარდაჭერა არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავწყვიტოთ ურთიერთობა რუსეთთან, რადგან ეს ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.