ვიქტორ ორბანი - უნგრელებს დიდი სურვილი გვაქვს, რომ უკრაინულ-რუსული ომი დასრულდეს მალე, საქართველოს მოსაზრებაც იგივეა
უნგრელებს დიდი სურვილი გვაქვს, რომ უკრაინულ-რუსული ომი დასრულდეს მალე, საქართველოს მოსაზრებაც იგივეა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ორბანის თქმით, საქართველოსა და უნგრეთს ბევრი რამ აკავშირებთ.
„მინდა, მივესალმო ჩემი კოლეგის ირაკლი ღარიბაშვილის და მისი დელეგაციის ვიზიტს. გუშინ მე და ბატონ ირაკლის გვქონდა ხანგრძლივი დისკუსია და დღევანდელ ფორმატში გაგრძელდა ეს შეხვედრა. მინდა, ვთქვა, რომ უნგრეთში არსებობს ძალიან ძლიერი, პოზიტიური გრძნობები საქართველოს მიმართ, შეიძლება, პრინციპში ითქვას მიკერძოებაც. ეს იმას ნიშნავს, რომ შესანიშნავი საწყისი პლატფორმა გვაქვს მოლაპარაკებებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნები არიან გეოგრაფიულად დაშორებულნი, საქართველო კავკასიის რეგიონშია, ჩვენ აქ ვართ, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ სხვაობები ბევრია, მაგრამ მსგავსებაც ბევრია. ჩვენთვის არ არის რთული იმ ძირითადი, საკვანძო ხაზის გაგება, რომელიც საქართველოს, ქართველ ერს აქვს. არ არის იმის გაცნობიერება რთული, თუ რა ამოძრავებს საქართველოს. ორივე ქვეყანას გააჩნია მდიდარი ისტორია, მდიდარი კულტურული ტრადიციები და ჩვენ უნიკალური ენები გვაქვს. ეს კულტურა და ეს ენა უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ერების და მათი ისტორიის სასიკეთოდ. ასევე, ვუთხარი ბატონ პრემიერ-მინისტრს, რომ უნგრელები კითხულობენ, რატომ გვაქვს უნგრული ენა და უნგრული კულტურა, უნდა გვქონდეს სტამბოლის, ბერლინის და სხვა დედაქალაქების დღის წესრიგის გათვალისწინებით, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს მემკვიდრეობა გადაეცეს მომავალ თაობებს და ჩვენი არსებობის მისია შედგეს“, – განაცხადა ორბანმა.
ვიქტორ ორბანის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილთან მოსაზრებები გაცვალა გეოპოლიტიკურ საკითხებზე.
„ასევე, მინდა, ვთქვა საქართველოს შესახებ. რაც შეეხება პოლიტიკას, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, იმიტომ რომ 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის დღიდან და რადგან არანორმალურ დროში გვიწევს არსებობა, უპრეცედენტო კრიზისის წინაშე აღმოვჩნდით. ეს არის ფასების კრიზისი, ენერგეტიკული მატარებლების კრიზისი და ვატარებთ მოლაპარაკებას სხვადასხვა დაინტერსებულ მხარეებთან. ძალიან მოკლედ მინდა, გითხრათ დღევანდელი დღის შესახებ. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები, ძალიან ახლოს ვართ გეოპოლიტიკურ საკითხებზე, მშვიდობისა და ომის საკითხებზე. ჩვენ, უნგრელებს დიდი სურვილი გვაქვს, რომ უკრაინულ-რუსული ომი დასრულდეს მალე, საქართველოს მოსაზრებაც იგივეა“, – განაცხადა ორბანმა.