ვიქტორ ორბანი - უკრაინისთვის იდეალური ვარიანტი იქნება, იყოს ბუფერული ზონა უსაფრთხოების გარანტიებით, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინელებმა, შესაძლოა, ქვეყანა დაკარგონ
უკრაინისთვის იდეალური ვარიანტი იქნება, იყოს ბუფერული ზონა უსაფრთხოების გარანტიებით, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინელებმა, შესაძლოა, ქვეყანა დაკარგონ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ავსტრიის ყოფილ კანცლერთან, ვოლფგანგ შუსელთან საუბრის დროს განაცხადა.
უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინასთან დაკავშირებით გათვალისწინებული უნდა იყოს გეოგრაფიული მდებარეობა, რადგან, როგორც უკრაინის უშუალო მეზობელი, რუსეთი არასდროს დასთანხმდება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას.
ვიქტორ ორბანმა ასევე აღნიშნა, რომ ვერ ხედავს რუსეთის მხრიდან ნატო-ს რომელიმე წევრზე თავდასხმის საფრთხეს.
„ევროპისთვის ყველაზე დიდი საშიშროება იქნება, თუ რუსეთი, ევროპის გარეშე, მხოლოდ შეერთებულ შტატებთან აწარმოებს მოლაპარაკებას უსაფრთხოების არქიტექტურაზე“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.