ვიქტორ ორბანი - უკრაინის მიერ დაგეგმილი კონტრშეტევა მათი უკანასკნელი შესაძლებლობაა, რაიმე სახის წარმატებას მიაღწიონ
უკრაინის მიერ დაგეგმილი კონტრშეტევა მათი ბოლო შესაძლებლობაა, რათა რაიმე სახის წარმატებას მიაღწიონ, – როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა რადიო Kossuth-ის ეთერში განაცხადა.
ორბანმა უკრაინის მხრიდან მოსალოდნელ კონტრშეტევასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ „წინ რთული კვირებია“.
„ვფიქრობ, ეს არის უკანასკნელი დიდი შესაძლებლობა უკრაინელებისთვის, რათა რაიმე სახის წარმატებას მიაღწიონ. ეს თუ მოხდება, მაშინ დავინახავთ, როგორია ძალის რეალური ბალანსი დაპირისპირებულ მხარეებს შორის. ასეთ შემთხვევაში უფრო მკაფიო და ნათელი იქნება ვითარება დიპლომატიური მოქმედებისთვის“, – განაცხადა ორბანმა.
ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრეთი ყველაზე მეტად არის დაინტერესებული მშვიდობის დამყარებით და მისი დიდი სურვილია, რომ მეზობლად დიდი და წარმატებული უკრაინა ჰყავდეს.