ვიქტორ ორბანი - უკრაინას დაფინანსება არ უნდა მიეცეს ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იქნება
უნგრეთი მიიჩნევს, რომ უკრაინას ევროკავშირის დაფინანსება არ უნდა მიეცეს ევროკავშირის ბიუჯეტიდან. აღნიშნულის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მიცემა ხუთი წლის განმავლობაში, ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იქნება“, – განაცხადა ორბანმა პრესკონფერენციაზე.
ვიქტორ ორბანის თქმით, სთავაზობს ევროკავშირს, უკრაინას დაფინანსება მისცენ არა ევროკავშირის ბიუჯეტიდან, არამედ ერთობლივი სესხის გზით.
„მათ სურთ, უკრაინას ფული მიაწოდონ ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ჩვენ თუ ვერ შევთანხმდებით, მათ აქვთ შესაძლებლობა, გადაწყვიტონ ეს ბიუჯეტის გარეთ, მაგრამ ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინის დაფინანსების საკითხის უნგრეთის თანხმობის გარეშე მოგვარების ვარიანტი არ აქვთ. 26 წევრ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, ბიუჯეტის გარეთ ერთობლივი სესხით მოაგვარონ ეს“,- განაცხადა ორბანმა.
ორბანმა ასევე აღნიშნა, რომ არ სურს, ევროკავშირის მიერ უნგრეთისთვის დაფინანსების შეჩერების საკითხი უკრაინის დაფინანსების საკითხს დაუკავშირდეს.
„ჩვენ არ გვინდა, უკრაინის ფინანსური დახმარება დავუკავშიროთ უნგრეთის ფინანსურ საკითხებს. ეს ასევე დაარღვევს ევროკავშირის ლოიალური თანამშრომლობის პრინციპს“, – განაცხადა ორბანმა.
ევროკავშირის ლიდერები უკრაინის დაფინანსების საკითხის გადახედვას პირველ თებერვალს საგანგებო სამიტზე გეგმავენ.
ამასთან, ვიქტორ ორბანმა პრესკონფერენციაზე შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზეც ისაუბრა. მან უარყო ინფორმაცია შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე რაიმე „უნგრეთ-თურქული“ შეთანხმების შესახებ. „გადაწყვეტილება უნგრეთის პარლამენტს ეკისრება, რომელსაც ამ გადაწყვეტილების მიღების დიდი სურვილი არ აქვს“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.