ვიქტორ ორბანი თურქულენოვანი სახელმწიფოების ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობს - მათი ხმები, ვისაც ევროპაში მშვიდობა სურთ, ბევრად ჩუმია, ვიდრე მათი, ვისაც დაძაბულობის გამწვავება სურთ
ვიქტორ ორბანი თურქულენოვანი სახელმწიფოების ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობს - მათი ხმები, ვისაც ევროპაში მშვიდობა სურთ, ბევრად ჩუმია, ვიდრე მათი, ვისაც დაძაბულობის გამწვავება სურთ

უნგრეთი თურქულენოვანი სახელმწიფოების ორგანიზაციას განიხილავს, როგორც მშვიდობის ფორუმს, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სამარყანდში მიმდინარე თურქულენოვანი სახელმწიფოების ორგანიზაციის სამიტზე განაცხადა.

უნგრეთი ორგანიზაციაში დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსს ფლობს. როგორც სამიტზე გამოსვლისას ორბანმა განაცხადა, უდიდესი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მათი ხმები, ვისაც ევროპაში მშვიდობა სურთ, ბევრად ჩუმია, ვიდრე მათი, ვისაც დაძაბულობის გამწვავება სურთ.

ორბანის განცხადებით, უნგრეთის მიზანია უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების რაც შეიძლება მალე დაწყება. მისი თქმით, ეს ერთადერთი გზაა ენერგეტიკული კრიზისის დასასრულებლად.

ვიქტორ ორბანმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა თურქეთს სასურსათო კრიზისის თავიდან აცილების ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ ასეთი კრიზისი მასობრივი მიგრაციის მორიგ ტალღას გამოიწვევდა, რაც პირდაპირ აისახებოდა უნგრეთზე.

ვიქტორ ორბანის განცხადებით, ის უზბეკეთში 60-წევრიან ბიზნესდელეგაციასთან ერთად ჩავიდა უზბეკეთის ხელისუფლებასთან ბიზნესშესაძლებლობების განსახილველად.

ვიქტორ ორბანმა სამარყანდში ყოფნისას ასევე ორმხრივი მოლაპარაკებები გამართა ყაზახეთისა და ყირგიზეთის პრეზიდენტებთან.