ვიქტორ ორბანი - საქართველომ გვანახა განვითარების მაღალი მაჩვენებელი ეკონომიკაში, ევროკავშირთან დაახლოება ამ თვალსაზრისით უნდა იყოს გაცილებით მარტივი
მაღალ შეფასებას ვაძლევთ ბრწყინვალე განვითარებას, რომელიც განახორციელეთ ქვეყანაში, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა წინანდალში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ძალიან დიდ მადლობას ვუხდი პრემიერს მოწვევისთვის. ბედნიერები ვართ, რომ აქ ვიმყოფებით. აქ ყოფნის მიზეზი, პირველ რიგში, იყო, რომ დაფასება და პატივისცემა გამოგვეხატა უნგრელი ხალხის მხრიდან საქართველოს ხალხისადმი. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ იმ ბრძოლას, რომელსაც რამდენიმე ასეული წელია, ახორციელებთ, რომ შეინარჩუნოთ ქრისტიანული სახელმწიფო. ჩვენ ჩვენი უნგრული ისტორიიდან ვიცით, ეს რა ბრძოლაა, როგორ იბრძოდნენ ქვეყნები, რომლებიც თავიანთ რწმენას არ თმობდნენ. მაღალ შეფასებას ვაძლევთ ბრწყინვალე განვითარებას, რომელიც განახორციელეთ ქვეყანაში. ყველა იბრძვის იმისთვის, რომ შენარჩუნებული იყოს ეკონომიკური დონე, რომელიც არის ძალიან მაღალი. თქვენ გვანახეთ განვითარების ძალიან მაღალი მაჩვენებელი ეკონომიკაში, რასაც ინარჩუნებთ რამდენიმე წელია. თქვენი ევროკავშირთან დაახლოება ამ თვალსაზრისით უნდა იყოს გაცილებით მარტივი“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
მისი თქმით, შეხვედრისას განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა.
„ჩვენი შეხვედრა იყო იმ ფონზე, როდესაც გლობალური უსაფრთხოების სიტუაცია არასდროს ყოფილა ისე უარესი ბოლო 30 წლის განმავლობაში, როგორც დღეს არის. ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის. ჩვენ ასევე ვიხილავდით ძალიან მნიშვნელოვან, გლობალური უსაფრთხოების საკითხებს. ჩვენ ორი შეხვედრა ჩავატარეთ, რომლებსაც გააჩნიათ ისტორიული გამოცდილება იმის ცოდნის, რომ მშვიდობა ყოველთვის სჯობს ომს“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.