ვიქტორ ორბანი - რუსეთის მიზანია, უკრაინა უკონტროლო ნანგრევებად აქციოს, ისინი ამაში წარმატებული აღმოჩდნენ, ის ახლა ავღანეთია, არავისი მიწა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, დასავლეთს უნდა ესმოდეს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს არ შეუძლია, თავს წაგების უფლება მისცეს და არ წააგებს, რადგან ის მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გეგმავს მონაწილეობის მიღებას, ომში დამარცხებული პრეზიდენტის რანგში კი მონაწილეობას ვერ შეძლებს.
ორბანის თქმით, რუსეთი ასევე არ მისცემს ნატო-ს უფლებას, წარმოდგენილი იყოს უკრაინაში.
მისი თქმით, დრო, როდესაც რუსეთს უკრაინის დაპყრობა ან პრორუსული რეჟიმის დამყარება შეეძლო, ჩავლილია.
„გამარჯვების სწრაფად მოპოვების შემთხვევაში ეს შესაძლებელი იქნებოდა, თუმცა ახლა მდგომარეობა უიმედოა. ამიტომ ახლა რუსეთის მიზანია, უკრაინა უკონტროლო ნანგრევებად აქციოს, რომ დასავლეთმა ვერ შეძლოს პრიზის სახით მისი მოთხოვნა“, – აღნიშნა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ რუსები ამაში წარმატებული აღმოჩდნენ. „ის ახლა ავღანეთია, არავისი მიწა“, – განაცხადა ორბანმა.
როგორც პრემიერი განმარტავს, დასავლეთს არ ესმის, რომ უკრაინაში დრო რუსეთის მხარესაა. რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა და შეუძლია უზარმაზარი არმიის მობილიზება, უკრაინას კი შეიარაღებული ძალების მარაგი ეწურება.
ორბანის თქმით, თუ რუსეთის საგაზაფხულო თავდასხმები წარმატებული იქნება, ნატო-ს ქვეყნებს მოუწევთ დასვან კითხვა, გაგზავნონ თუ არა სამხედროები საბრძოლველად უკრაინაში? ორბანი აღნიშნავს, რომ ამ საკითხს არ განიხილავენ აშშ-ში, თუმცა ამაზე ფიქრობენ ევროპელები, რომელთა ქვეყნებიც ომის გაფართოების შემთხვევაში განადგურების საშიშროების წინაშე დგანან.
ჟურნალისტების კითხვაზე, რეალურია თუ არა ნატო-ს ჯარებმა იბრძოლოს უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ, ორბანი პასუხობს: „თუ შეხედავთ ტენდენციას, დღემდე როგორ მოვედით, ეს გამორიცხული არ არის. დასავლეთი ომშია რუსეთთან. ეს არის რეალობა“.