ვიქტორ ორბანი - პოლიტიკაში იშვიათია კარგი მებრძოლი, თუ ადამიანი მარცხდება, აღარ ბრუნდება, ირაკლი ღარიბაშვილი მათ შორისაა, რომლებიც დაბრუნდნენ, ამიტომ არის მებრძოლი და ჩვენთვის სამაგალითო
ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს დელეგაციის პატივსაცემად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის სახელით, ოფიციალური სადილი გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა. პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობარს, ვიქტორ ორბანს. ჩვენ ძალიან ბევრი საერთო გვაქვს, ქართველ და უნგრელ ხალხს. მაგრამ მინდა, გამოვყო მთავარი – ჩვენი ქრისტიანული ღირებულებები, რომელიც არის საფუძველთა საფუძველი, რომელზეც არის დაფუძნებული ჩვენი ერები და ჩვენი სახელმწიფოები. სწორედ ქრისტიანული ფასეულობებით მოვედით ჩვენ დღემდე“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მის პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ სადილზე.
ვიქტორ ორბანის განცხადებით, მათთვის დიდი პატივია საქართველოს დელეგაციის მასპინძლობა.
„მეგობრულ ვითარებაში იმართება დღევანდელი სადილი და საჯარო გამოსვლებით დიდად არ გადაგღლით.
დღეს, აქ, იმ მიზნით შევიკრიბეთ, რომ დიდი პატივისცემით მივესალმოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და მისი ხელმძღვანელობით უნგრეთში ვიზიტად მყოფ სამთავრობო დელეგაციას.
ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი მასპინძლობა, ბატონებო! ჩვენ შორის მსგავსების დანახვაც ადვილია, რადგან ჩვენი ისტორიების ლოგიკა ერთმანეთს ჰგავს.
აქვე, მინდა, ვახსენო ერთი პერსონალური საკითხი. პოლიტიკაში იშვიათია კარგი მებრძოლის პოვნა. თუ ირგვლივ მიმოვიხედავთ, და მე დამეჯერება, რადგან 30 წელია, პოლიტიკაში ვარ, თუ ადამიანი მარცხდება პოლიტიკურ ველზე, ის, როგორც წესი, აღარ ბრუნდება ხოლმე. ამ მოცემულობას ძალიან ცოტა გამონაკლისი ჰყავს, ძალიან ცოტა ადამიანი ბრუნდება პოლიტიკაში! ჩვენი დღევანდელი სტუმარი იმ დიდებულთა შორისაა, რომლებიც პოლიტიკაში დაბრუნდნენ! ის საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახლავთ! მეორეჯერ მსახურობს ამ თანამდებობაზე! ის გახლავთ დიდი მებრძოლი და ამიტომაც არის ჩვენთვის სამაგალითო!
ამიტომ, პირადად ჩემთვის არის დიდი სიამოვნება და პატივი, ვმასპინძლობდე მას დღეს აქ. მის ოჯახს დღეგრძელობას ვუსურვებ, ხოლო ერს – კეთილდღეობას!“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
სადილს ასევე ესწრებოდნენ უნგრეთ-საქართველოს ორმხრივი სამომავლო ურთიერთობით დაინტერესებული ბიზნეს სექტორისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.