ვიქტორ ორბანი - მარინ ლე პენმა და ჯორჯია მელონიმ ევროკავშირის არჩევნების შემდეგ ერთად უნდა იმუშაონ
მარინ ლე პენმა და ჯორჯია მელონიმ ევროკავშირის არჩევნების შემდეგ ერთად უნდა იმუშაონ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
ორბანის თქმით, ივნისში ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ ულტრამემარჯვენე ლიდერებმა, ჯორჯია მელონიმ და მარინ ლე პენმა უნდა შეწყვიტონ მეტოქეობა და გააძლიერონ თანამშრომლობა.
„თუ ისინი მოახერხებენ ერთად მუშაობას, ერთ უნიკალურ ჯგუფში ან კოალიციაში, ისინი გახდებიან ევროპის ძალა. მათი თანამშრომლობის მიმზიდველობა იქნება ძალიან ძლიერი“, – განაცხადა ორბანმა.
კანდიდატების შესახებ კითხვაზე, ორბანმა თქვა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი იყო „ამჟამინდელი ხელმძღვანელობისგან თავის დაღწევა“ და რომ კონკრეტული სახელების თქმა ნაადრევი იქნებოდა.
ევროპარლამენტის არჩევნები მიმდინარე წლის 6-9 ივნისს გაიმართება. ევროკავშირში არჩევნები ტარდება ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ოთხდღიანი პერიოდის განმავლობაში და ითვლება მსოფლიოში ყველაზე დიდ ტრანსნაციონალურ პროცესად. საკანონმდებლო ორგანოს განახლება ასევე იწვევს ცვლილებებს ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელობაში.