ვიქტორ ორბანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ვიქტორ ორბანი ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობასა და ურთიერთობების შემდგომ გაფართოებაზე ამახვილებს ყურადღებას.
„პატივცემულო პრემიერ-მინისტრო!
ნება მიბოძეთ, გამოვხატო ჩემი კეთილი სურვილები საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
უნგრეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა სამაგალითოა, რასაც ხელს უწყობს ჩვენი ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების განუწყვეტელი განვითარება. ჩვენს საერთო ინტერესშია, ხელი შევუწყოთ უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომ გაფართოებას, რისთვისაც კარგი საშუალება იქნება წლის მეორე ნახევარში დაგეგმილი უმაღლესი დონის ჩვენი სამთავრობო შეხვედრა.
მოხარული ვარ, რომ გასულ თვეს უნგრეთში შეხვედრის საშუალება მოგვეცა ბუდაპეშტის CPAC კონფერენციაზე და მჯერა, რომ შემდგომშიც გვექნება ახალი მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის გაგრძელების საშუალება. გარწმუნებთ, რომ ჩვენი მიზანია ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობების სისტემის შემდგომი განვითარება და საქართველოს ევროინტეგრაციის ძალისხმევის სრული მხარდაჭერა.
მრავალ წარმატებას და ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენს მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობაში!“ – აღნიშნულია უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მილოცვის ტექსტში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.