ვიქტორ ორბანი - იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბრისას დავადასტურე, რომ უნგრეთის მთავრობა მხარს უჭერს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბრისას შვედეთის ალიანსში წევრობისადმი უნგრეთის მთავრობის მხარდაჭერა დაადასტურა. ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„ახლახან დავასრულე სატელეფონო საუბარი ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან. დავადასტურე, რომ უნგრეთის მთავრობა მხარს უჭერს შვედეთის ნატო-ში წევრობას. ასევე, ხაზი გავუსვი, რომ გავაგრძელებთ უნგრეთის ეროვნული ასამბლეისადმი მოწოდებას, ხმა მისცეს შვედეთის გაწევრიანებას და დაასრულოს რატიფიცირება პირველი შესაძლებლობისთანავე“, – წერს ვიქტორ ორბანი.
ცნობისთვის, უნგრეთს შვედეთის ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება ჯერ არ მოუხდენია. გუშინ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ. პარლამენტის გადაწყვეტილების ძალაში შესასვლელად რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმოწერაა საჭირო.