ვიქტორ ორბანი - გვაქვს სურვილი, აზერბაიჯანიდან ელექტროენერგია მივიღოთ საქართველოსა და რუმინეთის გავლით, ამით დავზოგავთ ბუნებრივ აირს, რომელსაც ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის ვიყენებთ
გვაქვს სურვილი, აზერბაიჯანიდან ელექტროენერგია მივიღოთ საქართველოსა და რუმინეთის გავლით, ამით დავზოგავთ ბევრ ბუნებრივ აირს, რომელსაც ამჟამად ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის ვიყენებთ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„შეხვედრებზე შევეხეთ ენერგეტიკულ საკითხს. მინდა, ვაცნობო უნგრულ საზოგადოებას, რომ მსხვილი ენერგეტიკული ინიციატივები მუშავდება და ეს ჩვენთვის არის საინტერესო. გვინდა ახალი, დიდი ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები გვქონდეს და აზერბაიჯანიდან მივიღოთ ელექტროენერგია საქართველოს გავლით, რუმინეთის გავლით და ამ ინიციატივით ჩვენ დავზოგავთ ძალიან ბევრ ბუნებრივ აირს, რომელსაც ამჟამად ვიყენებთ ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის. თუ ეს ელექტროენერგია პირდაპირ მოგვეწოდება მომავალ წელს, მაშინ აღარ მოგვიწევს ბუნებრივი აირის შეძენა. ძალიან გამიხარდა, რომ ბატონი პრემიერ-მინისტრი ემხრობა ამ ინიციატივას და ეს საკითხი ძალიან პრინციპული მნიშვნელობის არის უნგრეთისთვის“,- განაცხადა ორბანმა.
მისივე თქმით, აქვთ სურვილი, რომ ენერგეტიკული კრიზისი, ასევე მაღალი ფასებით გამოწვეული კრიზისი დაძლიონ.
ამასთან, ვიქტორ ორბანმა მომავალ წელს საქართველოში ვიზიტი დააანონსა.
„ძალიან ბევრი რამე შეიძლება გაკეთდეს ევროკავშირის გარედან ელექტრორესურსების მიღების კუთხით. გვინდა, რომ შედეგი იქონიოს და არამარტო მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი გადაწყვეტილებაც ჰპოვოს ამ საკითხმა. უნდა ვთქვათ, რომ ძალიან დიდ იმპორტს ვახორციელებთ, ძალიან დიდი მასშტაბით და ძალიან შორეული ქვეყნებიდან. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს საკითხი უნგრეთისთვის, იმიტომ რომ ეს საკითხი დაკავშირებულია ინფლაციასთან, ფასების ზრდასთან.
ზოგადად მინდა, ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურს და მე, მომავალ წელს გვექნება ერთობლივი მთავრობათაშორისი შეხვედრა საქართველოში. ამაზე შევთანხმდით და მას წინ გაუძღვება შეხვედრა სხვადასხვა დარგობრივი სამინისტროების პირველ პირებს შორის. ჩვენ გვექნება ეს მნიშვნელოვანი სტიმული ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. ამიტომ ვიდრე რამე სხვა დაიგეგმება, მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს უნგრეთის მთავრობის და საზოგადოების სახელით“,- განაცხადა ვიქტორ ორბანმა.