ვიქტორ ორბანი - ევროპის ერთიანობისთვის უნგრეთი არ შეეწინააღმდეგება რუსეთის მიმართ სანქციებს, თუ ისინი უნგრეთის ეკონომიკის დაცვის წითელ ხაზს არ გადაკვეთს და არ დაემუქრება ენერგოუსაფრთხოებას
ევროპის ერთიანობისთვის უნგრეთი არ შეეწინააღმდეგება რუსეთის მიმართ სანქციებს, თუ ისინი უნგრეთის ეკონომიკის დაცვის წითელ ხაზს არ გადაკვეთს და არ დაემუქრება უნგრეთის ენერგოუსაფრთხოებას, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მეოთხე ვადით დანიშვნისას, ფიცის დადების ცერემონიის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ორბანის თქმით, „ბრიუსელი დღითი დღე ბოროტად იყენებს ძალაუფლებას და სურს, თავს მოგვახვიოს ჩვენთვის ცუდი და უცხო რაღაცები“, ამის მიუხედავად, მისი თქმით, უნგრეთის ადგილი ევროკავშირშია.
სიტყვით გამოსვლისას ორბანმა ასევე განაცხადა, რომ მკაცრ მიგრაციულ პოლიტიკას გააგრძელებს და მიგრანტებს არ შეუშვებს.
„ჩვენ არ შევწყვეტთ ჩვენი საზღვრების დაცვას, არ დავშლით ჩვენს ღობეს და არ შემოვუშვებთ მიგრანტებს“, – აღნიშნა ორბანმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
ევროკავშირი რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგოს დაწესებას გეგმავს, რასაც უნგრეთი ეწინააღმდეგება.