ევროპაში სიტყვის თავისუფლება ცუდ მდგომარეობაშია, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ევროპაში პოლიტიკოსები, უნივერსიტეტები და მედია ერთფეროვანი გახდა. უნგრული მედიის ინფორმაციით, ორბანმა ასევე ისაუბრა კონსერვატიულ კონფერენციაზე, რომელიც ამ კვირის დასაწყისში ბრიუსელში ადგილობრივმა ხელისუფლებამ დახურა. ორბანის განცხადებით, სასტუმროებსა და კვების ობიექტებს ღიად ემუქრებოდნენ.
ვიქტორ ორბანის თქმით, ვისაც აქვს ცენტრალიზებული აზრისგან განსხვავებული აზრი, სამსახურის დაკარგვის რისკის ქვეშ იმყოფება.
„შეიძლება მსმენელს გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ დასავლეთში „ფეისბუქში“ უბრალოდ ვერაფერს გამოაქვეყნებ. ეს არ არის უნგრეთი, ხალხს რომ სანქციები დაუწესოს მათი აზრის გამო, მაგრამ ეს ხდება დასავლეთში“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მან იცის ჯორჯ სოროსის გეგმის შესახებ. მისივე შეფასებით, სოროსის გეგმით, ევროპა განადგურდება. ორბანის მტკიცებით, გეგმა ითვალისწინებს ევროპაში ყოველწლიურად მილიონი მიგრანტის შეყვანას.