ვიქტორ ორბანი ევროკავშირს ხელისუფლების დამხობასა და მარიონეტული მთავრობის დანიშვნის მცდელობაში ადანაშაულებს - არ შევეგუებით ბრიუსელის მსახურებას
ვიქტორ ორბანი ევროკავშირს ხელისუფლების დამხობასა და მარიონეტული მთავრობის დანიშვნის მცდელობაში ადანაშაულებს - არ შევეგუებით ბრიუსელის მსახურებას

ვიქტორ ორბანი ევროკავშირის ხელმძღვანელობას უნგრეთში ხელისუფლების დამხობასა და მარიონეტული მთავრობის დანიშვნის მცდელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უნგრეთის 1956 წლის რევოლუციასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ბრიუსელის მიმართ მისი წინააღმდეგობა 1956 წლის ამბოხს შეადარა.

ორბანის თქმით, ევროკავშირს უნგრეთის სათავეში, „ტისას“ ლიდერის, პიტერ მაგიარის ხილვა სურს, როგორც მის დაქვემდებარებაში მყოფი პირის.

„ბრიუსელში განაცხადეს, რომ თავიდან მოიცილებენ უნგრეთის ეროვნულ მთავრობას, რომ სურთ ბრიუსელის მარიონეტული მთავრობის დაყენება. ვსვამთ ძველ კითხვას, ვემორჩილებით უცხოურ ნებას, ამჯერად ბრიუსელისას, თუ მის წინააღმდეგ მივდივართ? უნგრეთს ამ არჩევანის გაკეთება ელოდება. უამრავჯერ დავამტკიცეთ, რომ არ გვეშინია და იმპერია ვერ დაგვაშანტაჟებს. ვიცით, რომ სურთ, გვაიძულონ ომში ჩართვა, თავს მოგვახვიონ თავიანთი მიგრანტები და გადასცენ ჩვენი შვილები გენდერ აქტივისტებს. ვიცით, რომ მარიონეტულ მთავრობაზე ფიქრობენ, ჰყავთ პარტია და ადამიანი, რომლის დანიშვნაც სურთ, პირი, რომელიც უბრალოდ ხელს აწერს რაღაცებს, იდეალური კანდიდატი მარიონეტული მთავრობის ხელმძღვანელობისთვის. ჩვენ არ შევეგუებით მარიონეტობას, ბრიუსელის მსახურებას. ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ, ვერ გაგვტეხენ“, – განაცხადა ორბანმა.

ამასთან, ორბანის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ახალი გამოკითხვის შედეგები გახდა ცნობილი, სადაც პარტია „ტისას“ რეიტინგი ორბანის „ფიდესს“ ასწრებს, რაც 2010 წლიდან, ორბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირველად ხდება.