ვიქტორ ორბანი - ევროკავშირის სასამართლო, რომელმაც უნგრეთს 200 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა, ჯორჯ სოროსის მიერ იმართება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირის სასამართლო, რომელმაც მის ქვეყანას მიგრაციული პოლიტიკის ფარგლებში დაკისრებული ზომების შეუსრულებლობისთვის 200 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა, ამერიკელი მილიარდერის, ჯორჯ სოროსის მიერ იმართება.
ამის შესახებ მან უნგრეთის სახელმწიფო რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„სოროსს აქვს გეგმა, მან ამის შესახებ გამოაცხადა, არასდროს დაუმალავს, თვითონ დაწერა“, – განაცხადა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.
ევროკავშირზე საუბრისას ორბანმა აღნიშნა, რომ ბრიუსელსა და უნგრეთს შორის „ძველი ომი“ გრძელდება.
მისი თქმით, მიგრაციასთან დაკავშირებული ბრიუსელის მოთხოვნა მდგომარეობს იმაში, რომ „შეუშვას მიგრანტები“, მაშინ როდესაც თავად მიიჩნევს, რომ უნგრელებს უნდა ჰქონდეთ უფლება, „დააფიქსირონ თავიანთი აზრი, ვისთან ერთად სურთ ცხოვრება“.
ორბანმა ასევე აღნიშნა, რომ ბუდაპეშტისთვის დაკისრებული ჯარიმა „ძალიან დიდი თანხაა“. მისი თქმით, ამჯობინებს, ეს თანხა ოჯახებსა და პენსიონერებს შორის გადაანაწილოს, მაგრამ „ბრიუსელის გამო“ ამას ვერ გააკეთებს.
2020 წლის დეკემბერში სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთი მიგრანტების მიმართ ევროკავშირის კანონმდებლობას არ იცავს და ქვეყანას მიგრანტებთან დაკავშირებული მიდგომა დაავალა.
ახალ დადგენილებაში სასამართლომ გამოაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა ევროკავშირის კანონმდებლობის უპრეცედენტო და უკიდურესად სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს. აღინიშნა, რომ უნგრეთმა 2020 წლის გადაწყვეტილების შესასრულებლად თავშესაფრის მაძიებელთა საერთაშორისო დაცვის პროცედურის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით აუცილებელი ზომები არ მიიღო.
სასამართლოს დადგენილებით, ბუდაპეშტი არ იცავდა თავშესაფრის მაძიებელთა უფლებას, დარჩენილიყვნენ უნგრეთში მათი განაცხადის საბოლოო გადაწყვეტილებამდე. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარი მოქმედებით უნგრეთი უგულებელყოფდა თანამშრომლობის პრინციპს და მიზანმიმართულად არიდებდა თავს ევროკავშირის ერთიანი პოლიტიკის გავრცელებას.
უნგრეთში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მიგრანტებს თავშესაფრის მოთხოვნა შეუძლიათ მხოლოდ უნგრეთის საზღვრებს გარეთ, მეზობელ სერბეთსა და უკრაინაში მდებარე მის საელჩოებში. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემთხვევაში პირებს, ჩვეულებრივ, უკან აბრუნებენ.