ვიქტორ ორბანი - ევროკავშირის მთელი ატმოსფერო, ენა, კულტურა ომის მომხრეა, ეს არ მომწონს და არ მივიჩნევ, რომ ეს ევროკავშირისთვის კარგია
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს,რომ ევროკავშირს უფრო მჭიდრო თანამშრომლობა სჭირდება ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა თავდაცვა, ვაჭრობა, მაგრამ არა პოლიტიკურ საკითხებზე, როგორიცაა, მაგალითად, მიგრაცია.
ორბანის თქმით, წლის დასაწყისში კიევსა და მოსკოვში მისმა ვიზიტებმა, რამაც ევროკავშირის ზოგიერთი პარტნიორი გააღიზიანა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ არცერთი მხარე არ აპირებდა მშვიდობის დამყარებასა და დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას. ორბანის თქმით, მიუხედავად ამისა, კომუნიკაციის ხაზები ღია უნდა დარჩეს.
„არალეგიტიმურია მშვიდობაზე საუბარი, რადგან ევროკავშირის მთელი ატმოსფერო, ენა და კულტურა ომის მომხრეა. მე ეს არ მომწონს და არ ვთვლი, რომ ევროკავშირისთვის ეს კარგია. ვფიქრობ, სამი მთავარი გამოწვევის წინაშე ვართ. პირველი არის ომი, ომის თუ მშვიდობის საკითხი; მეორე არის კონკურენტურანიაობა. უნგრეთის პრეზიდენტობის მთავარი მიზანია ევროკავშირისთვის კონკურენტუნარიანობის ახალი პაქტის შედგენა, რადგან ახალი შეთანხმების გარეშე ჩვენ ვერ ვიქნებით კონკურენტუნარიანები ვერც შეერთებულ შტატებთან, ვერც ჩინეთთან, ვერც დასავლეთთან და ვერც აღმოსავლეთთან; მესამე არის მიგრაცია“, – განაცხადა ორბანმა.
ორბანის თქმით, ევროპის ისტორიაში არცერთი ომი კომუნიკაციის გარეშე არ დასრულებულა და რასაც ევროპა ახლა აკეთებს, ცუდია.
„უპირველესად, ჩვენ არ გვაქვს კომუნიკაცია რუსეთთან. გვჭირდება კომუნიკაცია, როგორც უკრაინასთან, ისე რუსეთთან; მეორე არის ცეცხლის შეწყვეტა, რადგან სამშვიდობო მოლაპარაკებებამდე უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა“, – აღნიშნა ორბანმა.