ვიქტორ ორბანი - ევროკავშირი უარყოფს ქრისტიანულ მემკვიდრეობას, ახორციელებს მოსახლეობის ჩანაცვლებას მიგრაციის გზით, ლგბტქ თავდასხმას ოჯახების მხარდამჭერი ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ
ევროკავშირი უარყოფს ქრისტიანულ მემკვიდრეობას, ახორციელებს მოსახლეობის ჩანაცვლებას მიგრაციის გზით და ლგბტქ თავდასხმას ოჯახების მხარდამჭერი ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა რუმინეთში, „ტუშვანოშის საზაფხულო უნივერსიტეტის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, რამდენიმე დღის წინ ლიეტუვამ ამ კუთხით ბრძოლა წააგო და ევროპელებს, ბრძოლის გარდა, სხვა გზა აღარ დარჩათ.
„ჩვენი პოზიცია ნათელია. არ გვსურს, ყველას ჰქონდეს ერთნაირი რწმენა, არ გვსურს, ყველას ჰქონდეს ერთნაირი ოჯახური ცხოვრება. მომდევნო რამდენიმე წლის კიდევ ერთი ევროპული პროცესი, რომელშიც უნგრელებს მოუწევთ ყოფნა, არის ბრძოლა ფედერალისტებსა და სუვერენისტებს შორის. ევროკავშირი არის ან იმპერია, ან ერი. აქ ჩვენ მივიღეთ დარტყმა, როდესაც ჩვენმა ინგლისელმა მეგობრებმა დატოვეს ევროკავშირი. ამით ჩვენ დავკარგეთ ბალანსი ევროკავშირში ფედერალისტებსა და სუვერენისტებს შორის. ადრე იყო, რომ ფრანგები და გერმანელები, როგორც ფედერალისტები, ერთ მხარეს იყვნენ, ხოლო ინგლისელები და ჩვენ, ვიშეგრადის ოთხეული, მეორე მხარეს. გარდა ამისა, ფედერალისტებმა დაიწყეს შეტევა ვიშეგრადის ოთხეულზე და შეგვიძლია, დავინახოთ შედეგი. ჩეხები მეორე მხარეს გადავიდნენ, სლოვაკეთი ირყევა, მხოლოდ პოლონელები და უნგრელები უძლებენ“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვიქტორ ორბანს გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნული იყო საკითხები, რომლებიც „ტუშვანოშის საზაფხულო უნივერსიტეტის“ შეხვედრაზე არ უნდა განხილულიყო. მაგალითად, ეროვნული სიმბოლოებისა და ეროვნული უმცირესობების შესახებ. რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე სთხოვა ორბანს, არ ესაუბრა რუმინეთში არარსებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებზე. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა თავის „რუმინელ მეგობრებს“ უთხრა, რომ რუმინეთის პრეზიდენტი თუ უნგრეთში ჩავა, არ ეტყვიან, რაზე შეიძლება, ისაუბროს.