ვიქტორ ორბანი - დონალდ ტრამპსა და რობერტ ფიცოს ომის საწინააღმდეგო შეხედულებების გამო დაესხნენ თავს
დონალდ ტრამპს ომის საწინააღმდეგო შეხედულებების გამო დაესხნენ თავს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე თავდასხმები მათი „ომის საწინააღმდეგო შეხედულებების“ გამო განხორციელდა.
„ყველა ეს თავდასხმა არის ომის საწინააღმდეგო, მშვიდობის მომხრე პოლიტიკოსების წინააღმდეგ. ომის მომხრე ძალები იმდენად მხარდაჭერილი და ორგანიზებული არიან, რომ ცდილობენ, გაასუფთაონ სცენა მშვიდობის მხარდამჭერებისგან“, – განაცხადა ორბანმა.
მისივე თქმით, 11 ივლისს, ფლორიდაში შეხვედრის დროს ტრამპს ორი საათის განმავლობაში ესაუბრა.
„ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს მათთან, ვინც პრეზიდენტის უკან მუშაობს მისი ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის დაწერაზე. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ ამ დღის წესრიგის დადგენის პროცესში, არის რამდენიმე თემა, როგორებიცაა საოჯახო პოლიტიკა და მიგრაციის შეჩერება, რაც ჩვენთვის დიდი პატივია“, – განაცხადა ორბანმა.
ამასთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთი აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტრამპის კანდიდატურას უკრაინაში „მშვიდობის შანსად“ ხედავს.