ვიქტორ ორბანი - დღევანდელი ევროკავშირი არ არის ის, რომელშიც უნგრეთი გაწევრიანდა, მაშინ არ იყო საუბარი მილიონობით მიგრანტის შეშვებაზე, ევროპელ ლიდერებზე, რომლებიც კონტინენტს ომში ითრევენ
ეს არ არის ის ევროკავშირი, რომელშიც უნგრეთი გაწევრიანდა. უნგრული მედიის ცნობით, ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
უნგრულ რადიოსთან ინტერვიუში ვიქტორ ორბანმა ისაუბრა უნგრეთის ევროკავშირში გაწევრიანების მე-20 წლისთავზე. მისი თქმით, 2004 წელს ის მხარს უჭერდა ევროკავშირში გაწევრიანებას და ახლაც სჯერა, რომ უკეთესია ევროკავშირში ყოფნა, ვიდრე მის გარეთ, თუმცა გაწევრიანების დროს ვითარება სხვაგვარი იყო.
„ვგულისხმობ, რომ მაშინ არ იყო საუბარი მილიონობით მიგრანტის ევროკავშირში შეშვებაზე და არავინ ამბობდა, რომ ამას დააძალებდნენ მათ, ვისაც მათი მოსვლა არ უნდოდათ, მაგალითად, უნგრელებს. თუ იტყვი, რომ ოჯახი შედგება მამაკაცისგან, ქალისგან და ბავშვისგან, ევროპულ ლიბერალურ მედიაში გაგაკრიტიკებენ; ან თუ ქვეყნის კონსტიტუცია აცხადებს, რომ დედა არის ქალი და მამა არის კაცი, როგორც ჩვენთან, უნგრეთში, მაშინ მას შურისძიება ემუქრება. ევროპა არ იყო ასეთი“, – განაცხადა ორბანმა.
პრემიერის თქმით, უნგრეთი შეუერთდა ევროკავშირს, რადგან ის ნიშნავდა მშვიდობას და კეთილდღეობას.
„ახლა ჩვენ ეკონომიკურ კრიზისში ვართ. ევროპა, რომელსაც შევუერთდით, წარმოადგენდა მსოფლიოს ეკონომიკის 20 პროცენტზე მეტს. ახლა ჩვენ უკან დავიხიეთ, ჩვენმა კონკურენტებმა გადაგვასწრეს, ეს არ არის ის, რაზეც ვსაუბრობდით. ასევე, არ იყო საუბარი ევროპელ ლიდერებზე, რომლებიც კონტინენტს, მშვიდობის ნაცვლად, ომში ითრევენ. პირველი, რისი თქმაც საჭიროა, როდესაც ბოლო 20 წელს ვაფასებთ, არის შემდეგი: „ბატონებო, ეს არ არის ის, რაზეც ჩვენ შევთანხმდით“, – განაცხადა უნგრეთის ლიდერმა.
ვიქტორ ორბანმა ასევე ისაუბრა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გავლენაზე ევროპაზე.
„ჩვენ არ გვინდოდა პირველ და მეორე მსოფლიო ომებში მონაწილეობა. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უნგრელები ომში მესამედ ჩაითრიონ“, – განაცხადა ორბანმა და აღნიშნა, რომ, შედეგად, უნგრელებს მოუწევთ ამისთვის ყველაზე დიდი საფასურის გადახდა.
მისი თქმით, ის შეშფოთებულია ევროპის მომავლის გამო.
„აშშ-ის პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ-ის ეკონომიკა სარგებელს იღებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისგან“, – განაცხადა ორბანმა.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ „არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, სოროსი და სხვა ფიგურები, რომლებიც ჩართული არიან სხვადასხვა ბნელ საქმეში“, თუმცა აღნიშნა, რომ უმრავლესობა არის მშვიდობის მხარეს.
„ამ დროს კი ევროპელი ლიდერები, არ მინდა, ვთქვა, რომ ისინი მიემართებიან ომისკენ, თუმცა ისინი ყოველდღიურად დგამენ ამ ნაბიჯებს“, – განაცხადა ორბანმა.
ვიქტორ ორბანის თქმით, ომის ესკალაცია თუ მოხდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის არ მიაღწევს უნგრეთს, უნგრეთის მოსახლეობა სხვებზე ადრე იგრძნობს მის შედეგებს.
„შემდეგ ფრანგები, ამერიკელები წავლენ სახლში, ჩვენ კი ვერსად წავალთ, ეს არის ქვეყანა, რომელიც გვაქვს, სწორედ აქ, ამ ისტორიულად სახიფათო რეგიონში“, – განაცხადა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპასა და ამერიკაში არიან ომის მხარდამჭერი მთავრობები, რომლებსაც სურთ უნგრეთის მთავრობის შეცვლა.
„მათ სურთ უნგრეთში ომის მხარდამჭერი მთავრობის ჩამოყალიბება, რათა ჩვენ შევუერთდეთ ევროპულ ან დასავლურ მეინსტრიმს. ეს რომ მოხდეს, მათ აგენტები სჭირდებათ და სწორედ ესენი არიან მემარცხენე პარტიები“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ანტისამთავრობო ძალები უნგრეთში ამ მიზნის მისაღწევად საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან. ვიქტორ ორბანის თქმით, ვისაც მშვიდობა უნდა, მმართველ პარტია „ფიდესს“ მისცემს ხმას.