ვიქტორ ორბანი - ბრიუსელის კომფორტული სავარძლიდან მშვიდობას ვერ დაამყარებ, არ შეგვიძლია, დავსხდეთ და ომის სასწაულებრივად დასრულებას დაველოდოთ
უნგრეთის პრემეირ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბრიუსელის კომფორტული სავარძლიდან მშვიდობას ვერ დაამყარებ.
მისი თქმით, ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას თუ არ აქვს მანდატი ევროკავშირის სახელით აწარმოოს მოლაპარაკება, არ შეიძლება, არაფერი გააკეთო და ომის სასწაულებრივ დასრულებას დაელოდო.
„ბრიუსელის კომფორტული სავარძლიდან მშვიდობას ვერ დაამყარებ. მაშინაც კი, თუ ევროპული საბჭოს თავმჯდომარეობას არ აქვს მანდატი ევროკავშირის სახელით მოლაპარაკებისა, ჩვენ არ შეგვიძლია, დავსხდეთ და დაველოდოთ ომის სასწაულებრივად დასრულებას. ჩვენ ვიმოქმედებთ, როგორც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი მშვიდობისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმაში. ეს არის ჩვენი სამშვიდობო მისია“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელში.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიქტორ ორბანი დღეს მოსკოვში ჩავა.
აღნიშნულ ინფორმაციას ევროპელი ლიდერების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. კერძოდ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ორბანს მიმართა: „მოსკოვში თქვენი ვიზიტის შესახებ ჭორები არ შეიძლება, იყოს სიმართლე. თუ შეიძლება?“
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კი აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას არ აქვს მანდატი, ევროკავშირის სახელით ჰქონდეს ჩართულობა რუსეთთან.