ვიქტორ ორბანი - ბრიუსელის ბიუროკრატებისთვის არალეგალი მიგრანტები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი ევროპელი მოქალაქეები
არალეგალი მიგრანტები უფრო მნიშვნელოვანია ბრიუსელის ბიუროკრატებისთვის, ვიდრე საკუთარი ევროპელი მოქალაქეები, – ასე გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
„ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება, ევროკავშირის საზღვრების დაცვის გამო დააჯარიმოს უნგრეთი 200 მილიონი ევროთი, პლუს 1 მილიონი ევროთი დღეში, აღმაშფოთებელი და მიუღებელია. როგორც ჩანს, არალეგალი მიგრანტები უფრო მნიშვნელოვანია ბრიუსელის ბიუროკრატებისთვის, ვიდრე საკუთარი ევროპელი მოქალაქეები“, – დაწერა ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში.
ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ მიგრაციული პოლიტიკის ფარგლებში დაკისრებული ზომების შეუსრულებლობისთვის უნგრეთი 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა. დადგენილი ზომების შესრულების ვადაგადაცილების თითოეული დღისთვის უნგრეთს 1 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრება.